ტრადიცია- ლათინური სიტყვაა, ისტორიულად ჩამოყალიბებული თაობიდან თაობაზე გადაცემული ადათები, წესები, ყოფაქცევის ნორმები. ტრადიცია ყველა სფეროში შეიძება შექმნა და დაამკვიდრო.
კარგი და მნიშვნელოვანი ტრადიცია უნდა გადაეცეს თაობიდან თაობას, ხოლო ის რაც ადამიანური ცხოვრებისა და ყოფაქცევის ნორმებს ცილდება, ჩემი აზრით უნდა წაიშალოს ჩვენი ცხოვრებიდან და აზროვნებიდან, რათა ერთ დამახინჯებულზე მრავალი არ გაიზარდოს. თითოეული ჩვენგანი ოჯახებიდან მოვდივართ, რომელსაც საზოგადოებაში დიდი როლი აკისრია. „ოჯახი ავსებს ჩვენ ცხოვრებას, ოჯახს მოაქვს ბედნიერება რომელიც წარმოადგენს დიდ საქმეს, რომელსაც სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა გააჩნია“. მე სწორედ ასეთი ოჯახის წარმომადგენელი ვარ, რომელშიც დანერგილია ტრადიცია უფროს-უმცროსობის, პაპისა და დიდედისადმი ყურადღება და პატივისცემა. ასევე აღსანიშნავია მართლმადიდებლური დღესასწაულების აღნიშვნა, რომელსაც ოჯახის ყველა წევრი ვეთაყვანებით.
ქართველები კარგი ტრადიციების მატარებელი ერი ვართ, მომწონს და მეამაყება ქართული სტუმართმოყვარეობა. ქართული ხალხური სიბრძნე გვასწავლის „სტუმარი ღვთისააო“. მეტნაკლებად ვიცნობ მსოფლიო კულტურის ისტორიას, ვერსად ვერ ამოიკითხავთ სტუმართმოყვარეობის კულტი არსებობდეს რომელიმე ერში, როგორც ეს ქართველებს გვაქვს. ეს ჩვენია, ძირეულია, მამაპაპისეული და ღვთისაგან ბოძებული განძია. მახსენდება ვაჟა-ფშაველას „სტუმარ მასპინძელი“ ჯოყოლა სტუმრის დასაცავად ილაშქრებს თემის ტრადიციების წინააღმდეგ და მიმართავს მათ; „დღეს სტუმარია ეგ ჩემი თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა“ გვახსოვს პოემის დასასრული, სტუმართმოყვარე მასპინძელი სიცოცხლეს სწირავს.
ამიტომაა გაკვირვებული სხვა ერისა და ეროვნების წარმომადგენლები ასე მონდომებით რომ ეწაფვიან საქართველოს ,მიწა-წყალზე დასახლებას.
ქართული ტრადიციებიდან, ჩემთვის მიუღებელია, ადამიანის გარდაცვალების, დაკრძალვის ცერემონია. ჭირისუფალი ახლობლები, რომლებიც ადამიანის სულზე უნდა ლოცულობდნენ და უფალს გარდაცვლილის ცოდვათა მიტევებას ავედრებდნენ, ამის გარდა ყველაფერს აკეთებენ. ვითომ და სულის მოსახსენიებლად იშლება სუფრა, სუფრა არა მოკრძალებით არამედ ზედმეტად გადატვირთული. ჭირისუფალი ფიქრს იწყებს ვინმეს კუჭს, რამე არ დააკლდეს. ზოგი მათგანი ვერ ასხვავებს მწუხრისა და მხიარულების სუფრას და ჩვეულ ლაზღანდარობას მიეცემა, – „შვიდი ჭიქა დაიბარა
– შვიდი არა, ცხრა დაუბარებია.“
აბა სად ვხედავთ მიცვალებულის სულის პატივისცემას? !
XX| – საუკუნის ადამიანისათვის რომელსაც კარგად აქვს განვითარებული, რომ „ სულის შემეცნება დიდად უწყობს ხელს ყოველგვარი ჭეშმარტების შემეცნებას“ მისთვის ლოცვაა საჭირო. ზემოდხსენებული მაგალითებიდან კი მანკიერი ვაღიაროთ და გამოვასწოროთ, ხოლო მისაღები დავნერგოთ და განვავრცოთ.
ტრადიცია- ტრადიციად უნდა დარჩეს არა სახეშეცვლილი და დამახინჯებუილი, არამედ მოსაწონი და მისაღები, ეს ჩვენი ტრადიციაა.
მარნეულის მე-5 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ლაშა ბესტავაშვილი !