საქართველოს კანონი
ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის
მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო
ეს კანონი განსაზღვრავს იმ ქმედებათა ერთობლიობას, რომლებიც დამახასიათებელია ოჯახში ძალადობისათვის, ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს.
მუხლი 2. კანონის მიზანი
ამ კანონის მიზანია:
ა) ოჯახის წევრთა უფლებრივი თანასწორობის აღიარებით შექმნას მათი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობის, ოჯახური ღირებულებების დაცვის საკანონმდებლო გარანტიები;
ბ) შექმნას ეფექტიანი საკანონმდებლო მექანიზმები ოჯახში ძალადობის გამოვლენის, აღკვეთისა და თავიდან აცილებისათვის;
გ) უზრუნველყოს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა;
დ) შექმნას ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის საფუძვლები;
ე) უზრუნველყოს თანამშრომლობა სხვადასხვა ინსტიტუტებს შორის ოჯახში ძალადობის თავიდან აცილებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით.
(მუხლი 2. კანონის მიზანი (28.12.2009 N 2507 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან)
ამ კანონის მიზანია:
ა) ოჯახის წევრთა უფლებრივი თანასწორობის აღიარებით მათი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობის, ოჯახური ღირებულებების დაცვის საკანონმდებლო გარანტიების შექმნის უზრუნველყოფა;
ბ) ოჯახში ძალადობის გამოვლენის, აღკვეთისა და თავიდან აცილებისათვის ეფექტიანი საკანონმდებლო მექანიზმების შექმნა;
გ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სისტემის შექმნა;
დ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის საფუძვლების შექმნა;
ე) ოჯახში ძალადობის თავიდან აცილებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით სხვადასხვა ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
ვ) მოძალადეთა სარეაბილიტაციო ღონისძიებების ხელშეწყობის უზრუნველყოფა.)
მუხლი 3. ოჯახში ძალადობა
ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
მუხლი 4. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს;
ბ) ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას;
გ) იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება;
დ) სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ;
ე) ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას;
ვ) მსხვერპლი – ოჯახის წევრი, რომელმაც განიცადა ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური ძალადობა ან იძულება;
ზ) ოჯახის წევრი – ამ კანონის მიზნებისთვის დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), შვილობილი, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, აგრეთვე ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები, მეურვე;
(ვ) მსხვერპლი – ოჯახის წევრი, რომელმაც განიცადა ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური ძალადობა ან იძულება და რომელსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა ან/და სასამართლო ორგანომ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფმა); (28.12.2009 N 2507 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან)
ზ) ოჯახის წევრი – ამ კანონის მიზნებისთვის, დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები და მათი ოჯახის წევრები, მეურვე; (28.12.2009 N 2507 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან))
თ) მოძალადე – ოჯახის წევრი, რომელიც ახორციელებს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ, სექსუალურ ძალადობას ან იძულებას ოჯახის სხვა წევრის მიმართ;
ი) თავშესაფარი – ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებელი ან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში ან/და არასამეწარმეო იურიდიული პირის ბაზაზე არსებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებითი განთავსების ადგილი, რომელიც ემსახურება მსხვერპლთა ფსიქოლოგიურ-სოციალურ რეაბილიტაციას, იურიდიულ და სამედიცინო დახმარებას, აგრეთვე დაცვის ღონისძიებებს; ამ კანონის VI თავის ამოქმედებამდე – ასევე ოჯახის ნათესავებისა და მეგობრების ოჯახი;
კ) სარეაბილიტაციო ცენტრი – მოძალადის დროებითი განთავსების ადგილი, რომელიც ემსახურება მოძალადის რეაბილიტაციას, კრიზისულ ინტერვენციასა და სამედიცინო დახმარებას და იქმნება კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში, ასევე არასამეწარმეო იურიდიული პირის მიერ.
(კ) მოძალადეთა სარეაბილიტაციო ღონისძიებები – ღონისძიებები, რომლებიც მოიცავს მოძალადის რეაბილიტაციასა და კრიზისულ ინტერვენციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტის შესაბამისად; (28.12.2009 N 2507 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან))
ლ) კრიზისული ცენტრი – ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლთა და მსხვერპლთა დროებითი განთავსების ადგილი, რომელიც ემსახურება ფსიქოლოგიურ-სოციალურ რეაბილიტაციას, პირველად და გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებასა და სამართლებრივ დახმარებას. კრიზისულ ცენტრში პირის (მასზე დამოკიდებული პირების) განთავსება შესაძლებელია მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრამდე და სტატუსის განსაზღვრის შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ მსხვერპლი არ გამოთქვამს თავშესაფარში მისი საცხოვრებლად განთავსების სურვილს და საჭიროებს მხოლოდ ფსიქოლოგიურ-სოციალურ რეაბილიტაციას ან/და სამართლებრივ დახმარებას ან/და პირველად და გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას თავშესაფარში ცხოვრების გარეშე; (28.12.2009 N 2507 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან)
მ) ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი – პირი, რომელსაც მიაჩნია, რომ არის მსხვერპლი და რომელიც მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრის მიზნით მიმართავს შესაბამის ორგანოებს/ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელ ჯგუფს (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფს). (28.12.2009 N 2507 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან)
მუხლი 5. საქართველოს კანონმდებლობა ოჯახში ძალადობის
აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და
დახმარების შესახებ
საქართველოს კანონმდებლობა ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ ემყარება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, ამ კანონსა და საქართველოს სხვა ნორმატიულ აქტებს.
თავი II
ოჯახში ძალადობის პრევენცია
მუხლი 6. ოჯახში ძალადობის პრევენციის მექანიზმები
1. ოჯახში ძალადობის პრევენციის მექანიზმები გულისხმობს იმ სოციალურ, ეკონომიკურ, სამართლებრივ და სხვა ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლებიც მიმართულია ოჯახში ძალადობის მიზეზებისა და წინაპირობების თავიდან აცილებისაკენ, ოჯახში ძალადობის ფაქტების აღკვეთის, მოძალადის სამართლებრივი დევნისა და მსხვერპლისა და მოძალადის რეაბილიტაციისა და ადაპტაციისაკენ.
2. სახელმწიფო თავისი უფლებამოსილი ორგანოების მეშვეობით ხელს უწყობს და უზრუნველყოფს ოჯახში ძალადობის პრევენციის მექანიზმების დანერგვასა და განხორციელებას.
3. ოჯახში ძალადობის პრევენციის მექანიზმები გულისხმობს:
ა) იმ ფაქტორების ანალიზს, შესწავლასა და შეფასებას, რომლებიც ოჯახში ძალადობის მიზეზებია;
ბ) ეფექტიანი სამართლებრივი მეთოდების დანერგვას ოჯახში ძალადობის ფაქტების გამოსავლენად და აღსაკვეთად;
გ) შესაბამისი სტატისტიკის წარმოებას;
დ) პრევენციული ღონისძიებების გატარებას იმ პირების მიმართ, რომლებიც ოჯახში ძალადობის ჩადენის რისკ-ჯგუფებს განეკუთვნებიან ან რომელთაც ოჯახში ჩადენილი აქვთ ძალადობა;
ე) სათანადო საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიის წარმართვას, რათა ადამიანები ფლობდნენ ინფორმაციას თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების, ასევე დაცვის გარანტიების თაობაზე, მათ შორის, იმ უფლებებისა და მოვალეობების შესახებ, რომლებიც უზრუნველყოფს ოჯახის წევრთა თანასწორობასა და ურთიერთვალდებულებებს;
ვ) ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მოძალადის პასუხისმგებლობის, მსხვერპლის უფლებებისა და ამ უფლებების დაცვის გარანტიების შესახებ ინფორმაციის გავრცელებასა და ხელმისაწვდომობას;
ზ) ოჯახში ძალადობის ფაქტების შემთხვევაში მსხვერპლთათვის დახმარებისა და დაცვის, ხოლო მოძალადეთათვის – რეაბილიტაციის მიზნით სპეციალური საგანმანათლებლო კურსების ორგანიზებას;
(ზ) ოჯახში ძალადობის ფაქტების შემთხვევაში მსხვერპლთათვის დახმარებისა და დაცვის, ხოლო მოძალადეთათვის – სარეაბილიტაციო ღონისძიებების განხორციელებას; (28.12.2009 N 2507 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან))
თ) ოჯახში ძალადობის პრევენციის უზრუნველსაყოფად დაინტერესებულ ინსტიტუტებთან ერთად ერთობლივი პროგრამების შექმნასა და მხარდაჭერას.
მუხლი 7. ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებების
განხორციელება
1. ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებების განხორციელებას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და ამ კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს პროკურატურისა და სასამართლო ორგანოები.
2. ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებების განხორციელებისას შესაბამისმა სახელმწიფო ორგანოებმა შეიძლება ითანამშრომლონ ოჯახში ძალადობისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე დაინტერესებულ ინსტიტუტებთან და უზრუნველყონ შესაბამისი ერთობლივი პროექტების დაგეგმვა-განხორციელება.
მუხლი 8. სოციალური მომსახურება
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სოციალურ მომსახურებას ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებების განხორციელებისთვის.
2. სოციალური მომსახურება მოიცავს:
ა) ოჯახური დავების მიზეზების შესწავლას, შესაბამის ანალიზს და დავების დაძლევაში ოჯახის წევრთა დახმარებას;
ბ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერისა და თანადგომის ღონისძიებების განხორციელებას;
გ) შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან ერთად ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირთა რისკ-ჯგუფების გამოვლენას და მათთან დაკავშირებული პრობლემების დაძლევაში ხელშეწყობას;
დ) დამცავი ორდერის გაცემის პროცესში მონაწილეობას;
ე) დამცავი და შემაკავებელი ორდერებით გათვალისწინებული საკითხების აღსრულების მონიტორინგს;
ვ) მოძალადეთა და მსხვერპლთათვის დახმარებისა და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების ხელშეწყობას.
თავი III
ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის მექანიზმები
მუხლი 9. ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის
მექანიზმები
1. ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის გამოიყენება სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქო-სამართლებრივი და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმები.
2. სისხლისსამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება ოჯახში ძალადობის იმ ფაქტის შემთხვევაში, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.
3. სამოქალაქო-სამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება ოჯახში ძალადობის შედეგად მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება, თუ სამართალდარღვევა თავისი ხასიათით, კანონმდებლობის შესაბამისად, არ იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და მისი აღკვეთა შესაძლებელია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმების გამოყენებით.
(4. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება შემაკავებელი/დამცავი ორდერის გამოცემის სახით, აგრეთვე მაშინ, თუ სამართალდარღვევა თავისი ხასიათით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არ იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და მისი აღკვეთა შესაძლებელია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმების გამოყენებით. (28.12.2009 N 2507 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან))
მუხლი 10. დამცავი და შემაკავებელი ორდერები
1. ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით, შესაძლებელია გამოცემულ იქნეს შემაკავებელი ან დამცავი ორდერი.
2. დამცავი ორდერი არის პირველი ინსტანციის სასამართლოს (მოსამართლის) მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ოჯახში ძალადობის შემთხვევაში ძალადობის მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრის საფუძველი და პირს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა.
(2. დამცავი ორდერი არის პირველი ინსტანციის სასამართლოს (მოსამართლის) მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები. (28.12.2009 N 2507 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან))
3. შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ოჯახში ძალადობის შემთხვევაში ძალადობის მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები და რომელიც გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში დასამტკიცებლად წარედგინება სასამართლოს.
4. მოძალადის მიერ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
(4. მოძალადის მიერ შემაკავებელი/დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. (28.12.2009 N 2507 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან))
მუხლი 11. დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის უფლება
დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის უფლება აქვს მსხვერპლს, აგრეთვე მისი ოჯახის წევრს ან მსხვერპლის თანხმობით პირს, რომელიც მსხვერპლს უწევს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას, ხოლო ბავშვის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.
(მუხლი 11. დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის უფლება (28.12.2009 N 2507 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან)
დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის უფლება მსხვერპლს, აგრეთვე მისი ოჯახის წევრს ანდა მსხვერპლის თანხმობით პირს, რომელიც მსხვერპლს უწევს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.)
მუხლი 12. დამცავი ორდერის მოქმედების ვადა
1. დამცავი ორდერი გამოიცემა 3 თვემდე ვადით. მისი მოქმედების კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო.
2. დამცავი ორდერის მოქმედების ვადის გაგრძელების საკითხს განსაზღვრავს სასამართლო. დამცავი ორდერის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია ორდერის მოქმედების პერიოდში და დამატებით არა უმეტეს 3 თვის ვადით, თუ არსებობს საფრთხე მსხვერპლის ან ოჯახის სხვა წევრის მიმართ.
3. დამცავი ორდერის მოქმედება შესაძლებელია გაუქმდეს მხარეთა შერიგებისას მოსამართლის სათანადო გადაწყვეტილებით სასამართლოსათვის მხარეთა ერთობლივი მიმართვის საფუძველზე, გარდა ამავე მუხლის მე-2 პუნქტითა და ამ კანონის მე-13 მუხლით დადგენილი შემთხვევებისა.
(მუხლი 12. დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედების ვადა (28.12.2009 N 2507 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან)
1. დამცავი ორდერი გამოიცემა 6 თვემდე ვადით. მისი მოქმედების კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო.
2. დამცავი ორდერის მოქმედების ვადის შეცვლის საკითხს წყვეტს სასამართლო. დამცავი ორდერის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია ორდერის მოქმედების პერიოდში და დამატებით არა უმეტეს 3 თვით, თუ არსებობს საფრთხე მსხვერპლის ან ოჯახის სხვა წევრის მიმართ.
3. დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედება შესაძლებელია გაუქმდეს მხარეთა შერიგებისას მოსამართლის სათანადო გადაწყვეტილებით, სასამართლოსათვის მხარეთა ერთობლივი მიმართვის საფუძველზე, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტითა და ამ კანონის მე-13 მუხლით დადგენილი შემთხვევებისა.
4. შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით და მას ამტკიცებს ან დამტკიცებაზე უარს ამბობს სასამართლო უფლებამოსილი პირის მიმართვიდან 24 საათის განმავლობაში.)
მუხლი 13. დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედება
მსხვერპლისა და მოძალადის შერიგების დროს
მხარეთა შერიგება არ აფერხებს დამცავი და შემაკავებელი ორდერების გამოცემას ან არ იწვევს გამოცემული დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედების გაუქმებას, თუ ოჯახში ძალადობის ფაქტი ლახავს ოჯახის სხვა წევრთა, განსაკუთრებით – ბავშვის ინტერესებს.
(მუხლი 13. დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედება
მსხვერპლისა და მოძალადის შერიგების დროს (28.12.2009 N 2507 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან)
მხარეთა შერიგება არ აფერხებს დამცავი და შემაკავებელი ორდერების გამოცემას ან არ იწვევს გამოცემული დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედების გაუქმებას, თუ ოჯახში ძალადობის ფაქტი ლახავს ოჯახის სხვა წევრთა, განსაკუთრებით – არასრულწლოვნის ინტერესებს.)
თავი IV
ოჯახში ძალადობისაგან არასრულწლოვნის
დაცვის სპეციფიკური ღონისძიებები
მუხლი 14. ბავშვის განცალკევება მოძალადე მშობლისაგან
1. ბავშვის მიმართ ფიზიკური ძალადობის კვალის არსებობა უპირობო საფუძველია იმისა, რომ კანონმდებლობით დადგენილი წესით დაისვას მოძალადე მშობლისაგან მისი განცალკევების საკითხი. სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დროებითი ღონისძიების სახით დამცავი ორდერით არეგულირებს მოძალადე მშობლისაგან ბავშვის განცალკევების საკითხს.
2. ოჯახში ძალადობის სხვა ფორმების არსებობისას ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული პირის მიერ სასამართლოსათვის მიმართვის შემთხვევაში სასამართლო განიხილავს ბავშვთან მოძალადე მშობლის ურთიერთობის საკითხს.
3. ბავშვის წარმომადგენლის უფლების საკითხის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ის გარემოება, რომ მოძალადე მშობლისათვის წარმომადგენლის უფლების დატოვება საზიანოა ბავშვის ინტერესებისათვის. დაუშვებელია მშობლებისათვის ბავშვის ერთობლივი მეურვეობის უფლების დატოვება, თუ არსებობს მის მიმართ ერთ-ერთი მშობლის მხრიდან ძალადობის საფუძვლიანი ვარაუდი.
(მუხლი 14. არასრულწლოვნის განცალკევება მოძალადე
მშობლისაგან/მშობლებისაგან (28.12.2009 N 2507 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან)
1. ოჯახში ძალადობის ფორმების არსებობისას ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული პირის მიერ დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შემთხვევაში სასამართლო განიხილავს არასრულწლოვანთან მოძალადე მშობლის/მშობლების ურთიერთობის საკითხს. არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის კვალის არსებობისას სასამართლოს წინაშე შეიძლება დაისვას დროებითი ღონისძიების სახით მოძალადე მშობლისაგან/მშობლებისაგან არასრულწლოვნის განცალკევების საკითხი სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
2. არასრულწლოვნის წარმომადგენლის უფლების საკითხის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ის გარემოება, რომ მოძალადე მშობლისათვის წარმომადგენლის უფლების დატოვება საზიანოა არასრულწლოვნის ინტერესებისათვის. დაუშვებელია მშობლებისათვის არასრულწლოვანზე ერთობლივი მეურვეობის დატოვება, თუ არსებობს მის მიმართ ერთ-ერთი მშობლის მხრიდან ძალადობის საფუძვლიანი ვარაუდი.
3. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში არასრულწლოვანს 14 წლის ასაკიდან უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს თავისი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად. ამ შემთხვევაში სასამართლო ნიშნავს საპროცესო წარმომადგენელს და განიხილავს საქმეს. არასრულწლოვან მოსარჩელეს უფლება აქვს, არ დაეთანხმოს თავის საპროცესო წარმომადგენელს და თვითონ დაიცვას თავი. სასამართლო ვალდებულია ასეთ საქმეში ჩააბას მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო.)
მუხლი 15. ბავშვის მოტაცების თავიდან აცილებისა და
სხვა სახის უსაფრთხოების უზრუნველყოფა
1. სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით განსაზღვრავს მოძალადე მშობლის მიერ ბავშვის მონახულების ვადებს. მშობელს ბავშვის მონახულების უფლება შეიძლება მიეცეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მის მიმართ დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ზომა, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ბავშვის მონახულების ადგილს, დროს, პერიოდულობას, ხანგრძლივობას და პირს, რომელიც პასუხისმგებელია ბავშვის უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვაზე.
2. თუ ბავშვის მიმართ უსაფრთხოების ზომები დაცული არ არის, იზღუდება მოძალადე მშობლის მიერ ბავშვის მონახულების უფლება. თუ აღნიშნული შეზღუდვა 3 თვეზე მეტ ხანს გრძელდება, მშობელს, რომლის უფლებაც იზღუდება, შეუძლია მიმართოს სასამართლოს ბავშვის მონახულების პირობების შეცვლის მოთხოვნით.
3. მოძალადის მიერ ბავშვის მოტაცების ან სხვა სახის ზიანის მიყენების რეალური საფრთხის არსებობისას სასამართლო გადაწყვეტილებით მოძალადეს შეიძლება აეკრძალოს მისი მონახულების უფლება გარემოების შეცვლამდე.
(მუხლი 15. არასრულწლოვნის მოტაცების თავიდან აცილებისა და სხვა
სახის უსაფრთხოების უზრუნველყოფა (28.12.2009 N 2507 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან)
1. სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით განსაზღვრავს მოძალადე მშობლის მიერ არასრულწლოვნის მონახულების ვადებს. მოძალადე მშობელს არასრულწლოვნის მონახულების უფლება შეიძლება მიეცეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მის მიმართ დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ზომა, რომელიც შეიძლება მოიცავდეს არასრულწლოვნის მონახულების ადგილს, დროს, პერიოდულობას, ხანგრძლივობას და პირს, რომელიც პასუხისმგებელია არასრულწლოვნის უსაფრთხოების მოთხოვნების/ზომების დაცვისთვის.
2. თუ არასრულწლოვნის მიმართ უსაფრთხოების ზომები დაცული არ არის, იზღუდება მოძალადე მშობლის მიერ არასრულწლოვნის მონახულების უფლება. თუ აღნიშნული შეზღუდვა 3 თვეზე მეტ ხანს გრძელდება, მშობელს, რომლის უფლებაც იზღუდება, შეუძლია მიმართოს სასამართლოს არასრულწლოვნის მონახულების პირობების შეცვლის მოთხოვნით.
3. მოძალადის მიერ არასრულწლოვნის მოტაცების ან მისთვის სხვა სახის ზიანის მიყენების რეალური საფრთხის არსებობისას სასამართლო გადაწყვეტილებით მოძალადეს შეიძლება აეკრძალოს მისი მონახულების უფლება გარემოების შეცვლამდე.)
თავი V
ოჯახში ძალადობის ფაქტებზე
სამართალწარმოების თავისებურებანი
მუხლი 16. პოლიციის მოვალეობანი
1. პოლიცია ვალდებულია ოჯახში ძალადობის ფაქტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება და განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. პოლიციას არა აქვს უფლება, ოჯახში ძალადობის შემთხვევა მიიჩნიოს ნაკლებმნიშვნელოვნად ძალადობის სხვა შემთხვევებთან შედარებით.
(1. პოლიცია ვალდებულია ოჯახში ძალადობის ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება და განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. (28.12.2009 N 2507 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან))
2. ძალადობის ფაქტის შესახებ შეტყობინების მიღების შემთხვევაში პოლიცია ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოცხადდეს შემთხვევის ადგილზე, მიუხედავად იმისა, პოლიციის ორგანოებს მიმართა დაზარალებულმა, ძალადობის მოწმემ თუ ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულმა პირმა.
3. ძალადობის ფაქტის არსებობის შემთხვევაში პოლიცია ვალდებულია:
ა) მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები ოჯახში ძალადობის ფაქტის აღსაკვეთად;
ბ) განცალკევებულად გამოკითხოს სავარაუდო მსხვერპლი, მოწმე, მოძალადე, მათ შორის, ბავშვი, რაც წერილობით უნდა დააფიქსიროს;
(ბ) განცალკევებულად გამოკითხოს ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი, მოწმე, მოძალადე, მათ შორის, არასრულწლოვანი, რაც წერილობით უნდა დაფიქსირდეს; (28.12.2009 N 2507 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან))
გ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლს მიაწოდოს ინფორმაცია მისი უფლებების შესახებ;
დ) მსხვერპლის მოთხოვნით ან გადაუდებელ შემთხვევაში უზრუნველყოს მისი გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში;
ე) მსხვერპლის მოთხოვნით ან გადაუდებელ შემთხვევაში უზრუნველყოს მისი ან/და ბავშვის გადაყვანა თავშესაფარში;
ვ) მსხვერპლის სხვა ადგილას გადაყვანის შემთხვევაში უზრუნველყოს საცხოვრებელი ადგილიდან მისი პირადი ნივთების წამოღება;
(ე) მსხვერპლის მოთხოვნით ან გადაუდებელ შემთხვევაში უზრუნველყოს მისი ან/და არასრულწლოვნის გადაყვანა თავშესაფარში; (28.12.2009 N 2507 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან)
ვ) მსხვერპლის სხვა ადგილზე გადაყვანის შემთხვევაში უზრუნველყოს მისი საცხოვრებელი ადგილიდან პირველადი საჭიროების ნივთებისა და საიდენტიფიკაციო დოკუმენტების წამოღება; (28.12.2009 N 2507 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან))
ზ) უზრუნველყოს იმ პირის უსაფრთხოება, რომელმაც განაცხადა ძალადობის ფაქტის შესახებ;
თ) ამ კანონით დადგენილი წესითა და პირობებით გასცეს შემაკავებელი ორდერი.
4. პოლიცია ოჯახში ძალადობის ფაქტისა და მიღებული ზომების შესახებ ადგენს ოქმს, რომელსაც წარუდგენს ზედამხედველ პროკურორს.
5. პოლიცია ვალდებულია თავის ანგარიშში ცალკე გამოყოს მონაცემები ოჯახში ძალადობის ფაქტების, მიღებული ზომების, მსხვერპლთა რაოდენობის, მოძალადის მიმართ განხორციელებული ქმედებების, აგრეთვე მოძალადის სხვა მონაცემების შესახებ.
6. პოლიცია ვალდებულია მოახდინოს კანონით გათვალისწინებული რეაგირება დამცავი და შემაკავებელი ორდერების დარღვევაზე. (28.12.2009 N 2507 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან)
მუხლი 161. მსხვერპლის სტატუსის მინიჭება (28.12.2009 N 2507 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან)
1. მსხვერპლის სტატუსის მინიჭებას ამ კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო ორგანოებთან (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახური, სასამართლო ორგანო) ერთად ასევე უზრუნველყოფს ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საბჭოსთან არსებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფი (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი).
2. ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საბჭოსთან არსებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის) მიერ მსხვერპლის იდენტიფიცირებისა და სტატუსის განსაზღვრის წესი განსაზღვრულია საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 ოქტომბრის N665 ბრძანებულებით „ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა იდენტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“.
თავი VI
ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სოციალური და
შრომითი გარანტიები, მოძალადეთა რეაბილიტაციის ღონისძიებები
მუხლი 17. ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებითი
საცხოვრებელი (თავშესაფარი)
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში არსებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი უნდა აკმაყოფილებდეს მსხვერპლის საყოფაცხოვრებო პირობებს და უნდა უზრუნველყოფდეს მის პირველად და გადაუდებელ სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას.
2. არასამეწარმეო იურიდიული პირის მიერ თავშესაფრის შექმნა დასაშვებია, თუ იგი აკმაყოფილებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ამ ტიპის დაწესებულებისათვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს.
3. თავშესაფრის საქმიანობა რეგულირდება წესდებით (დებულებით), რომელიც განსაზღვრავს თავშესაფარში მსხვერპლის მოთავსებისა და მისი რეაბილიტაციის წესს.
(3. თავშესაფრის საქმიანობა რეგულირდება წესდებით (შინაგანაწესით), რომელიც განსაზღვრავს თავშესაფარში მსხვერპლის მოთავსებისა და მისი რეაბილიტაციის წესს. (28.12.2009 N 2507 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან))
მუხლი 18. მსხვერპლის მოთავსება თავშესაფარში
1. ოჯახში ძალადობის ფაქტის არსებობისას ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული პირის მიერ თავშესაფრის მოთხოვნის შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოები უზრუნველყოფენ მსხვერპლის იქ გადაყვანას.
2. თავშესაფარში მსხვერპლის მოთავსება ხდება 2 თვემდე ვადით. საჭიროების შემთხვევაში ეს ვადა გაგრძელდება თავშესაფრის წესდებით (დებულებით) დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მსხვერპლს არ სურს ზემოაღნიშნულ პერიოდზე მეტი ხნით იქ დარჩენა. თავშესაფარში მოთავსების ვადის ამოწურვის შემდეგ, მსხვერპლის მიმართ საფრთხის არსებობის შემთხვევაში, თავშესაფრის ადმინისტრაცია ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს სამართალდამცავ ორგანოებს შემდგომი რეაგირების უზრუნველსაყოფად.
3. ოჯახში ძალადობის მსხვერპლის თავშესაფარში მოთავსების შემთხვევაში მსხვერპლს უნარჩუნდება სამუშაო ადგილი იმავე თანამდებობაზე.
(2. თავშესაფარში მსხვერპლის მოთავსება ხდება 3 თვემდე ვადით. საჭიროების შემთხვევაში ეს ვადა გაგრძელდება თავშესაფრის წესდებით (შინაგანაწესით) დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მსხვერპლს არ სურს ზემოაღნიშნულ პერიოდზე მეტი ხნით იქ დარჩენა. თავშესაფარში მოთავსების ვადის ამოწურვის შემდეგ, მსხვერპლის მიმართ საფრთხის არსებობის შემთხვევაში, თავშესაფრის ადმინისტრაცია ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს სამართალდამცავ ორგანოებს შემდგომი რეაგირების უზრუნველსაყოფად. (28.12.2009 N 2507 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან)
3. მსხვერპლის თავშესაფარში ან კრიზისულ ცენტრში მოთავსების შემთხვევაში მას უნარჩუნდება სამუშაო ადგილი იმავე თანამდებობაზე. (28.12.2009 N 2507 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან))
მუხლი 181. კრიზისული ცენტრი (28.12.2009 N 2507 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან)
1. კრიზისული ცენტრი წარმოადგენს ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლთა და მსხვერპლთა დროებითი განთავსების ადგილს და ემსახურება ფსიქოლოგიურ-სოციალურ რეაბილიტაციას, პირველად და გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებასა და სამართლებრივ დახმარებას.
2. კრიზისული ცენტრი იქმნება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში ან/და არასამეწარმეო იურიდიული პირის ბაზაზე. არასამეწარმეო იურიდიული პირის მიერ შექმნილი კრიზისული ცენტრი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ამ ტიპის დაწესებულებისათვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს.
მუხლი 19. ინფორმაცია ოჯახში ძალადობის მსხვერპლის შესახებ
მსხვერპლის ვინაობის, მისი ჯანმრთელობისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ მიღებული ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი გამჟღავნება შესაძლებელია მხოლოდ კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 20. მოძალადეთა სარეაბილიტაციო ცენტრები
მოძალადეთა დროებითი განთავსების ან/და მათი რეაბილიტაციის უზრუნველსაყოფად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში, ასევე არასამეწარმეო იურიდიული პირის მიერ იქმნება მოძალადეთა სარეაბილიტაციო ცენტრები. მოძალადეთა სარეაბილიტაციო ცენტრები უნდა აკმაყოფილებდეს სამინისტროს მიერ ამ ტიპის დაწესებულებისათვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს და უზრუნველყოფდეს მოძალადის დროებით განთავსებას, მის ფსიქოლოგიურ დახმარებასა და მკურნალობას.
(მუხლი 20. მოძალადეთა სარეაბილიტაციო ღონისძიებები (28.12.2009 N 2507 ამოქმედდეს 2015 წლის 1 ივლისიდან.)
მოძალადეთა სარეაბილიტაციო ღონისძიებები გულისხმობს იმ ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია მოძალადის ფსიქოლოგიურ-სოციალური დახმარებისა და გაჯანსაღებისაკენ, ცალკეული მავნე ჩვევებისაგან (ალკოჰოლიზმი, ნარკომანია ან ისეთი ფსიქიკური დაავადება, რომელიც არ გამორიცხავს შერაცხადობას) პირის განკურნებისა და რეაბილიტაციისაკენ და დაკავშირებულია ძალადობის შემდგომი გამოვლინების თავიდან აცილებასა და მსხვერპლის შემდგომი უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან. მოძალადეთა სარეაბილიტაციო ღონისძიებები და მათი განხორციელების წესი და ფორმები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.)
თავი VII
გარდამავალი დებულებანი
მუხლი 21. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით
განსახორციელებელი ღონისძიებები
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ამ კანონის VI თავის ამოქმედებამდე განსაზღვროს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებლისა (თავშესაფრისა) და მოძალადეთა სარეაბილიტაციო ცენტრების მოწყობისათვის აუცილებელი მინიმალური სტანდარტები და უზრუნველყოს მათი შექმნა.
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2007 წლის 1 ივლისიდან განსაზღვროს სოციალური მომსახურების განხორციელების მექანიზმები და უზრუნველყოს შესაბამისი სოციალური მუშაკების მომზადება.
(2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2015 წლის 1 ივლისამდე განსაზღვროს ოჯახში ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით სოციალური მომსახურების განხორციელების მექანიზმები და უზრუნველყოს შესაბამისი სოციალური მუშაკების მომზადება (სერტიფიცირება).(28.12.2009 N 2507 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან) )
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ კანონის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს ოჯახში ძალადობის ფაქტზე შემაკავებელი ორდერის ფორმის შემუშავება და დამტკიცება.
4. ეთხოვოს საქართველოს მთავრობას, ამ კანონის გამოქვეყნებიდან 4 თვის ვადაში დაამტკიცოს სპეციალური გეგმა, რომლითაც განისაზღვრება ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების კონკრეტული ღონისძიებები.
(4. საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს მოძალადეთა სარეაბილიტაციო ღონისძიებების განსაზღვრა. (28.12.2009 N 2507 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან) )
5. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ოჯახში ძალადობის თაობაზე არსებული ინფორმაციის ურთიერთგაცვლისათვის უწყებებს შორის თანამშრომლობის მექანიზმების შემუშავება. (28.12.2009 N 2507 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან)
6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს მოძალადეთა და გაცემული დამცავი და შემაკავებელი ორდერების თაობაზე მონაცემთა ბაზის ფორმირება, აღნიშნული ინფორმაციის დაინტერესებულ სახელმწიფო ორგანოებთან დროული გაცვლა და მისი ხელმისაწვდომობა. (28.12.2009 N 2507 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან)
7. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2010 წლის 1 ივლისამდე განსაზღვროს კრიზისული ცენტრის მოწყობისა და ფუნქციონირებისათვის აუცილებელი მინიმალური სტანდარტები. (28.12.2009 N 2507 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან)
თავი VIII
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 22. კანონის ამოქმედება
1. ეს კანონი, გარდა მე-8 მუხლისა და VI თავისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის მე-8 მუხლი და VI თავი ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან.
3. ამ კანონის მე-8 და მე-20 მუხლების მოქმედება შეჩერდეს 2015 წლის 1 ივლისამდე. (28.12.2009 N 2507 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან)