1089 წელს აფხაზთა და ქართველთა მეფის ტახტზე ავიდა 16 წლის ჭაბუკი, მეფე დავით IV, შემდგომში აღმაშენებლად წოდებული. იგი დაიბადა 1073 წელს, მეფე გიორგი მეორის ოჯახში, ბაგრატიონთა დინასტიიდან.
დავით აღმაშენებელმა, ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებული ქართველმა მონარქმა მოახერხა თურქ სელჩუკთა ქვეყნიდან განდევნდა 1121 წელს დიდგორის ბრძოლაში მნიშვნელოვანი გამარჯვებით. მის მიერ არმიაში და მმართველობის სისტემაში გატარებულმა რეფორმებმა შესაძლებლობა მისცა ქვეყანა გაეერთიანებინა და მთელი კავკასიის მიწების საქართველოს დაქვემდებარებაში შემოეყვანა. ქრისტიანული კულტურის წამხალისებელი და თავად თავდადებული ქრისტიანი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდანად არის შერაცხული.
დავითი წიგნის დიდი მოყვარული ყოფილა. სადაც უნდა წასულიყო, ომში, სანადიროდ თუ სამოგზაუროდ, რჩეული წიგნები ყოველთვის თან დაჰქონდა. როგორც კი დასასვენებლად მუხლს ჩახრიდა, მაშინვე წიგნს მოართმევდნენ. თვალი რომ დაეღლებოდა, სხვას აკითხებდა ხმამაღლა. დავითი კითხულობდა ღვთისმეტყველთა ნაშრომებს. ასევე ეცნობოდა ანტიკურ ავტორთა ნაწარმოებებს, როგორც საეკლესიო და სამხედრო, ისე ეკონომიკურ, არქიტექტურულ, სამართლებრივ სფეროში. მისივე ისტორიკოსის ცნობით, ერთხელ ისე გაერთო კითხვით, რომ ვერ გაიგო, მტერი თავს როგორ წამოადგა. თუმცა წიგნი სწორედ იმისთვის სჭირდებოდა, რომ მომხდური და მოძალადე დაემარცხებინა. ალბათ, წიგნიერების განუზომელმა სიყვარულმაც, რა თქმა უნდა, სხვა ფაქტორებთან ერთად, განაპირობა მის მიერ იყალთოს, გელათის, გრემის აკადემიების დაარსება, სადაც ისწავლებოდა ფილოსოფია, რიტორიკა, არითმეტიკა, გეომეტრია, გრამატიკა, მუსიკა, ასტრონომია. ამ მონასტრებში სამოღვაწეოდ მან საზღვარგარეთიდან ჩამოიყვანა ქართველი მწერლები, მეცნიერები, ფილოსოფოსები, მათ შორის, იოანე პეტრიწი და არსენ იყალთოელი. აქტიურად ეხმარებოდა საზღვარგარეთ არსებულ ქართული კულტურისა და განათლების ცენტრებს.
განათლება ფუჭია სულიერების გარეშე. მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს დავით აღმაშენებელზე კეთილმსახური, ღირსი და თავმდაბალი მონარქი. მას მოძღვრის კურთხევის გარეშე ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს. სხვადასხვა დროს მისი მოძღვრები იყვნენ მამა ევსტრატი, მამა იოანე და მამა არსენი. დავითი აღზარდა მეუფე ჭყონდიდელმა, რომელიც მეფისათვის უძვირფასესი ადამიანი გახლდათ.
დავითს სიჭაბუკეში ცოლად შერთეს სომეხი ქალი, რომლისგანაც შეეძინა უფლისწული დემეტრე (შემდგომში დემეტრე პირველი). პირველი ცოლის შესახებ სხვა არაფერია ცნობილი. მეორე ცოლად მოიყვანა გურანდუხტი, ყივჩაღთა მთავრის, ათრაქა შარაღანის ძის ასული, რომლისგანაც შეეძინა კიდევ ერთი ძე – ვახტანგ (ცუატა), და ასულნი – თამარ, კატაი და თამარ მრწემი. თამარ უფროსი ცოლად ჰყავდა შირვანის შაჰს, მანუჩარ მეორეს, კატაი – ბიზანტიის კეისარ ივანე კომნენოსის უმცროს ძმას, ალექსის, ხოლო თამარ მრწემი – ოვსეთის მეფეს (დემეტრე პირველის დროს მისთხოვდა).
1099 წელს დავით აღმაშენებელმა თურქ-სელჩუკებს ხარკი შეუწყვიტა. ქვეყანამ სრული დამოუკიდებლობა მოიპოვა. ამ დროიდან დაიწყო საქართველოს ეკონომიკური და კულტურული აღმავლობა. თურქ-სელჩუკთა ალაგმვის შემდეგ დავითი შეუდგა ქართული მიწა-წყლის სრული გაერთიანებისათვის ბრძოლას. 1103 წელს აიღო ზედაზენი. 1104 წელს საქართველოს გაერთიანების მომხრე ჰერეთ-კახეთის დიდებულების (ქავთარისა და მისი დისწულების – არიშიანისა და ბარამის) დახმარებით შემოიერთა ჰერეთი და კახეთი.
1110 ქართველთა ლაშქარმა სამშვილდე აიღო, 1115 წელს – რუსთავი, 1117 წელს – გიში, 1118 წელს – ლორე. 1121 წლის აგვისტოში დავით IV-ის მეთაურობით ქართველებმა ძლევამოსილი ომი გადაიხადეს მუსლიმანთა კოალიციური ლაშქრის წიააღმდეგ. ბრძოლა დიდგორთან მოხდა. ქართველებმა გაიმარჯვეს დავითის მოხერხებული ტაქტიკის წყალობით. ამ ომის გამარჯვებით მათ დაიცვეს სამშობლო სრული განადგურებისაგან. დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ, 1122 წელს დავით აღმაშენებელმა თბილისი შემოუერთა საქართველოს სამეფოს.
დავით აღმაშენებელი დიდად უწყობდა ხელს ვაჭრობისა და ხელოსნობის განვითარებას. მან შეღავათიანი პირობები შეუქმნა ვაჭრებს, ააგო ხიდები, გზები, ააშენა ფუნდუკები, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ვაჭრებს უფასოდ შეეძლოთ ღამისთევა. ამის შედეგად XII საუკუნის I მეოთხედში საქართველოში საქალაქო ცხოვრება განსაკუთრებით დაწინაურდა.
დავით არმაშენებლის სახელთანაა დაკავშირებული გელათის ტაძრის მშენებლობა (დაუწყიათ 1106). მანვე დააარსა ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა – გელათის აკადემია. დავით IV-ის განკარგულებით ააგეს ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია შიომღვიმეში.
დავით აღმაშენებელმა თავისი წვლილი შეიტანა ქართული ჰიმნოგრაფიის განვითარებაშიც. მას ეკუთვნის ორიგინალური პოეტური ნაწარმოები “გალობანი სინანულისანი”, რომელიც შუა საუკუნეების ქართული კულტურის იდეოლოგიური და ესთეტიკური მრწამსის გამოხატულებაა.
დავით აღმაშენებელი გარდაიცვალა 1125 წელს, დაკრძალულია გელათის მონასტრის სამხრეთის კართან, სადაც დღესაც არის შემორჩენილი უზარმაზარი ლოდი დავითის ეპიტაფიით: ”ესე არს განსასუენებელი ჩემი უკუნითი უკუნისამდე; ესე მთნავს: აქა დავემკვიდრო მე”. თუმცა წმინდანად კურთხევის შემდეგ მისი ნაწილები ამოუსვენებიათ და დაუკრძალავთ გელათის საკრებულო ტაძარში. ქართულმა ეკლესიამ წმინდა დავით მეფის ხსენების დღედ დააწესა 26 იანვარი (ძველი სტილით).
ალექსანდრე გარსევანის ძე ჭავჭავაძე დაიბადა 1786 წელს, პეტერბურგში. იშვიათ ვისმე ქართველთაგანს ჰქონია ისეთი ბედნიერი ჩამომავლობა და აღზრდა, როგორიც ჰქონდა ა. ჭავჭავაძეს. ალექსანდრეს მამა – გარსევან (დავით) პაატას ძე ჭავჭავაძე (1757-1811) გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე და საიმპერატორო კართან დაახლოებული პირი იყო. გარსევან ჭავჭავაძე გახლდათ 1783 წელს გეორგიევსკში დადებული ტრაქტატის თანაავტორი და ქართლ-კახეთის სამეფოს მხრიდან ერთ-ერთი ხელისმომწერი. ერთი წლის შემდეგ ერეკლე მეორემ გარსევან ჭავჭავაძე განსაკუთრებული ნდობით აღჭურვა და ქართლ-კახეთის სამეფოს დესპანად დანიშნა რუსეთის სამეფო კარზე. 1798 წელს პავლე I-ის ტახტზე ასვლის დროს, ის ხელახლა გაიგზავნა რუსეთში და ტახტზე ასვლის მილოცვის შემდეგ გეორგიევსკის ტრაქტატის დამტკიცება და საქართველოს მემკვიდრედ გიორგის დანიშვნა ითხოვა; დასასრულ, 1798 წელს გარსევან ჭავჭავაძე უკანასკნელად გაიგზავნა მეფე გიორგისაგან პეტერბურგს და უკანასკნელად ითხოვა რუსეთის მფარველობა. ამ მოგზაურობის დროს მისი პოლიტიკური მისია განხორციელდა. 18 დეკემბერს, 1800 წელს პავლე პირველმა ხელი მოაწერა საქართველოს რუსეთთან შეერთების მანიფესტს.
თანამედროვეთა გადმოცემით, გარსევან ჭავჭავაძე ბრგე, ახოვანი, „წმინდა ქართული ნაკვთების მქონე მამაკაცი“ ყოფილა. პიროვნული თვისებების, გონიერებისა და შესანიშნავი გარეგნობის წყალობით მან დიდი გავლენა მოიპოვა საიმპერატორო კარზე. იონა მეუნარგიას მიხედვით, „გარსევან ჭავჭავაძე იყო მწიგნობარი, მას ჰქონდა ყოველგვარი მისი დროების განათლება, იცოდა რუსული ენა და სასახლეში უპირველესი ადგილი ეჭირა. ამასთან, ამავე ცნობებით, საქართველოს თავადაზნაურობაში გარსევანი იყო ყოველთაგან პატივცემული და პეტერბურგში გადასახლებულ ქართველობასთან დიდი განწყობილება ჰქონდა. ამიტომაც იყო, რომ ერეკლემ ის პირველ ელჩად აირჩია ისეთ მძიმე საქმეში, როგორიც იყო ერთი სამეფოს მეორე სამეფოსათვის დამორჩილება“.
მეგობრები გარსევანს „პატარა კახის” მარჯვენა ხელს უწოდებდნენ, ხოლო მტრები გესლიანად ამბობდნენ, რომ გარსევანმა საქართველოს ერთადერთი ვაჟი შესძინა და სამაგიეროდ დამოუკიდებლობა კი დააკარგვინაო. 1803 წელს გ. ჭავჭავაძე ქართველ თავად-აზნაურთა საკრებულოს წინამძღოლად აირჩიეს.
იონა მეუნარგიას მიხედვით, „დედა ალექსანდრესი, მარიამ ივანეს ასული ავალიშვილისა, მისი დროის კვალობაზე განათლებული ქალი იყო, “ვეფხისტყაოსანზე” და ჩვენს ძველებურ წესზე აღზრდილი”.
ალექსანდრე ჭავჭავაძე თვით ეკატერინე II მონათლა. ამ ფაქტმა დიდი როლი შეასრულა პოეტის ბიოგრაფიაში. იონა მეუნარგია წერს: “რუსეთის კარი ამ დროს ეძებდა კარგს განწყობილებას საქართველოსთან. დიდმა იმპერატრიცამ, ეკატერინე II-მ, ისურვა საქართველოს ელჩის შვილის მონათვლა, გარსევანი ვერც კი ინატრებდა უკეთეს პატივს. ჩვენი პოეტი მონათლეს ეკატერინე II-მ და დიდმა მთავარმა ალექსანდრემ, შემდეგში იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა. მაყვლისფერი ხავერდის ბალიში, რომელზედაც ამოიყვანა ემბაზიდან ნათლია იმპერატრიცამ ალექსანდრე ჭავჭავაძე, დღესაც ინახება მის შვილიშვილებში. უკანასკნელად ამ ბალიშზე მონათლა განსვენებულმა იმპერატორმა ალექსანდრე II-მ სამეგრელოს თავადის შვილები, რომელნიც ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილისშვილის შვილები არიან. ამგვარმა დიდებულმა ნათლიებმა კიდევ უფრო გააუმჯობესეს ის პირობა, რომელშიაც გაიზარდა პოეტი”.
მომავალი პოეტი იმპერატორის კარზე იზრდებოდა. ბავშვობიდანვე შეისწავლა რუსული, ფრანგული, გერმანული ენები. ქართულ ენასა და ლიტერატურას პირველად დედამ აზიარა.
ცხრა წლის ალექსანდრე პეტერბურგის ერთ-ერთ ყველზე ცნობილ სასწავლებელში – ბამანის პანსიონში მიაბარეს, სადაც 1799 წლამდე დაჰყო. აქ მან შეისწავლა რუსული, ფრანგული და გერმანული ენები. 1799 წ. 10 აგვისტოს გარსევან ჭავჭავაძემ და კოვალენსკიმ იმპერატორ პავლეს მიერ გამოგზავნილი სამეფო გვირგვინი და სხვა სამეფო ნიშნები წამოიღეს და ჩამოვიდნენ თბილისს გიორგი XII–ის მეფედ კურთხევაზე დასაწრებლად. გარსევანმა ოჯახიც თან ჩამოიყვანა. მომავალი პოეტი თბილისში დარჩა და მამის ხელმძღვანელობით განაგრძობდა სწავლას.
იონა მეუნარგიას გადმოცემით, “რადგანაც თბილისში იმ დროს სასწავლებელი არ იყო, მამამ თან წამოიყვანა ბავშვის ლალად ერთი ფრანგი, რომელიც დიდხანს იყო ალექსანდრეს ოსტატად. აქ ისწავლა ალექსანდრემ ფრანგული, გერმანული, რუსული, სპარსული და ქართული. მეტადრე ქართული, რომელიც იმან ასე ზედმიწევნით იცოდა… ბედისგან განებივრებული ალექსანდრე თავისი ფრანგის მეცნიერებას ისმენდა და თავისუფალ დროს დასეირნობდა პირველად მამამისისაგან ჩვენში შემოტანილ “კარეტით”.
1804 წ. 17 იანვარს გ. ჭავჭავაძემ იმპერატორს წარუდგინა თხოვნა თავისი ვაჟიშვილის კამერპაჟად ჩარიცხვის შესახებ, რაც დაკმაყოფილებულ იქნა იმავე წლის 3 სექტემბერს. სწორედ ამ დროს ცარიზმის მოხელეთა აღვირახსნილობის გამო არაგვის ხეობის ქართველ მთიელთა აჯანყებამ იფეთქა. აჯანყებასთან დაკავშირებული იყვნენ ფარნაოზი და სხვა ბატონიშვილები.
1804 წ. 14 სექტემბერს თავისუფლების სულით გამსჭვალული 18 წლის ჭაბუკი პოეტი ფარნაოზ ატონიშვილთან გაიქცა და მთიელ აჯანყებულებს შეუერთდა.
მეფის რუსეთის ჯარებმა აჯანყება სწრაფად ჩაახშეს და მისი მეთაურები სასტიკად დასაჯეს. ალ. ჭავჭავაძე თბილისის საპყრობილეში მოათავსეს; 1805 წლის 11 ნოემბერს იგი ტამბოვში გადაასახლეს 3 წლით. გადასახლებაში შვილს გარსევანიც გაჰყვა. მისი მეცადინეობით (იმპერატორს თხოვნით მიმართა – მაჩუქეთ შვილი, შეიწყალეთ, სიყმაწვილით მოუვიდაო), 1806 წელს ალექსანდრე ჭავჭავაძეს დანაშაული აპატიეს და ტამბოვის გადასახლებისაგან გაანთავისუფლეს. 1807 წ. დამდეგს ალექსანდრე პაჟთა კორპუსში ჩარიცხეს. სწორედ ამ პერიოდში თარგმნა პოეტმა „ახლოით განჩხრეკილი კაცი“, რომელიც ფარნაოზ ბატონიშვილს მიუძღვნა.
დაიწყო მოუსვენარი სამხედრო სამსახური: 1808 წ. ალ. ჭავჭავაძემ დაამთავრა პაჟთა კორპუსი და იმავე წლის 19 დეკემბერს მიიღო პოდპორუჩიკობა. 1809 წელს ლეიბგვარდიის ჰუსართა პოლკში გაამწესეს, მონაწილეობას ღებულობს დიდ სამხედრო ოპერაციებში. 1811 წელს – სპარსელთა წინააღმდეგ მიემგზავრება ერევანში; იმავე წელს იგი პორუჩიკი გახდა. 1811 წ. გენერალ-ლეიტენანტ მარკიზ პაულიჩის ადიუტანტად დაინიშნა.
1812 წელი ალექსანდრე ჭავჭავაძის ცნობიერებასა და ბიოგრაფიაში შემობრუნების წელი იყო. 1804 წელს რუსეთის წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყების გამო დასჯილ პოეტს, 1812 წლის თებერვალს მარკიზ პაულიჩის ბრძანებით გზავნიან კახეთში – სიღნაღისა და თელავის მაზრებში კახეთის გლეხთა აჯანყების ჩამხშობ ექსპედიციაში.
იონა მეუნარგია წერს: “თბილისიდან მოშორებულ კახეთში ბატონიშვილებმა (ალექსანდრე ბატონიშვილი) განიზრახეს ამ დროს რუსეთის ქვეშევრდომობიდან განდგომა და ააჯანყეს კახელები. მთავრობამ ამათი დამშვიდება მიანდო ალექსანდრე ჭავჭავაძეს. ალექსანდრემ ჯერ მოინდომა კახეთის დამშვიდება ტკბილი ქართულით, მაგრამ, რომ ვერა გააწყო-რა, საქმე ძალაზე და სროლაზე მიდგა. რასაკვირველია, ამ შებმაში მთავრობის მხარემ გაიმარჯვა. ალექსანდრე სწუხდა, რომ საკუთარ ძმებთან უნდა ეომა, მაგრამ მოვალეობის და სამხედერო დისციპლინის მონა, ის შეება კახელებს და ცდილობდა საქმე ისე მაინც გაეთავებინა, რომ ბევრი უბედურება არ მომხდარიყო.
ბევრი უბედურება მართლაც არ მოხდა, მაგრამ თვითონ პოეტი ლამის იმსხვერპლა ამ აჯანყებამ. ერთმა გლეხკაცმა ის დაჭრა ფეხში. ამ ჭრილობას ძლიერ ცუდი შედეგი ექნებოდა პოეტისათვის, რომ დროზე არ მიშველებოდნენ ქუთათური თურმანიძეები, რომელნიც იმ დროშიც შესანიშნავი ექიმები იყვნენ”.
ჭრილობიდან მორჩენილი ალექსანდრე ჭავჭავაძე რუსეთის ჯარს მიჰყვება და 1813 წ. 21 სექტემბრიდან 1814 წ. 6 ივლისამდე მონაწილეობს ნაპოლეონის წინააღმდეგ სამამულო ომში. იგი ახლდა მთავარსარდალ ბარკლაი დე ტოლის. მონაწილეობდა საქსონიაში გამართულ ბრძოლებმი. გამარჯვებულ რუსულ არმიასთან ერთად შევიდა პარიზში. ბრძოლებში წარჩინებისათვის ალ. ჭავჭავაძემ არაერთი ჯილდო მიიღო: წმ. ანას ორდენი II ხარისხის ნიშნით, ოქროს ხმალი წარწერით “გულადობისათვის” და სხვ. მისი უმაღლესი ჯილდო იყო საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენი. თითქმის ერთი წელი დასავლეთ ევროპაში მოქმედ არმიაში გაატარა. იქ იგი უშუალოდ გაეცნო ფრანგ ხალხს, მის უმაღლეს კულტურას. 1814 წ. ორ თვეზე მეტ ხანს იგი საფრანგეთში, უმთავრესად პარიზში, იმყოფებოდა. 1817 წელს პოეტმა პოლკოვნიკის ჩინიც მიიღო და ლეიბჰუსართა პოლკიდან გადაყვანილ იქნა ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში, რომელიც იდგა ყარაღაჯში, წინანდალთან ახლოს. 1818 წლიდან მსახურობდა ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში, 1822 წელს კი ამ პოლკის უფროსი გახდა, მაგრამ სამსახურში მომხდარი უსიამოვნების გამო იგი ქართველ გრენადერთა პოლკში გადავიდა. მოგვიანებით ალექსანდრე ჭავჭავაძე დაინიშნა საგანგებო დავალებათა შემსრულებლის თანამდებობაზე გენერალ ერმოლოვთან.
სტუმართმოყვარეობით განთქმული ალ. ჭავჭავაძის ოჯახი მაშინდელი საქართველოს მოწინავე აზრისა და კულტურის ერთ-ერთი მთავარი კერაც იყო. რუსეთისა და დასავლეთ ევროპის ბევრი გამოჩენილი მოღვაწე, ვისაც კი საქართველოში ყოფნა უხდებოდა, უპირველეს ყოვლისა, ალ. ჭავჭავაძის სახლში ეცნობოდა ქართველი ერის ისტორიასა და მწერლობას.
1826 წელს პოეტმა გენერალ-მაიორის წოდება მიიღო. ამას მოჰყვა ყუბანის ჯარების უფროსის თანამდებობაზე დანიშვნა. მის სამხედრო კარიერაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გამოდგა 1827 წელი, როდესაც ალექსანდრემ რუსეთ-სპარსეთის ომში მიიღო მონაწილეობა და ოქტომბერში დაიპყრო თავრიზი. ამ პერიოდიდან ალექსანდრე ხან აზერბაიჯანშია, ხან – სომხეთში. 1828 წ. თებერვალში ალ. ჭავჭავაძეს ნიშნავენ სომხეთის ოლქის უფროსად. მონაწილეობს რუსეთ-ოსმალეთის ომში (1828 წ.) და სამკვირიანი ბრძოლების შემდეგ, 28 აგვისტოს ბრძოლით იპყრობს ბაიაზეთს. როცა პასკევიჩისთვის ეს ამბავი უცნობებიათ, აღტაცებულს დაუძახია – „ყოჩაღ, ჭავჭავაძევ!“. იმავე წლის 8 სექტემბერს აიღო სიმაგრე დადიანი, ხოლო 10 სექტემბერს – ციხე სიმაგრე თოფრაყალა. 1829 წელს ალ. ჭავჭავაძეს კახეთის სამხედრო სასაზღვრო დაცვის უფროსის პოსტი უჭირავს; 1830 წ. ხევსურთა საჩივრების კომისიას თავმჯდომარეობს.
ალ. ჭავჭავაძის ბიოგრაფიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს 1832 წელს რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებას. იგი აქტიურად იყო ჩაბმული ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენაში. როგორც სარწმუნო წყაროებიდან ირკვევა, პოეტს შეთქმულების გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო მმართველობაში დიდი თანამდებობა უნდა დაეკავებინა. შეთქმულებასთან ალექსანდრე მთელი ოჯახით იყო დაკავშირებული. ცნობილია, რომ შეთქმულთა შორის მეტად პოპულარული ლექსი – გრ. ორბელიანის აიარალისა, მისმა მეუღლემ სალომემ გაავრცელა. მაგრამ შეთქმულება დამარცხდა და მის მონაწილეებს სასტიკად გაუსწორდნენ. სასჯელს, ბუნებრივია, ვერც ალექსანდრე ჭავჭავაძე ასცდა. იგი კვლავ ტამბოვში, მხოლოდ ახლა უკვე ოთხი წლით გადაასახლეს. თუმცა სასჯელი არც ამჯერად მოუხდია ბოლომდე – ცოტა ხანში იმპერატრიცას ნათლული გაათავისუფლეს ”წარსულში დამსახურებისთვის” და პეტერბურგში გაიწვიეს.
პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ალ. ჭავჭავაძე სახელმწიფო სამსახურს დაუბრუნდა და მას შემდეგ რუსეთის იმპერიისადმი ორგულობაში შემჩნეული აღარ ყოფილა.
1838-1841 წლებში, როგორც საკარანტინო ზონის უფროსმა, ალ. ჭავჭავაძემ დიდი მუშაობა გასწია ამიერკავკასიის სხვადასხვა ადგილას გამძვინვარებული შავი ჭირის წინააღმდეგ ბრძოლაში.
1838 წლის 4 აპრილს იგი ამიერკავკასიის მთავარმმართველობის წევრად დაინიშნა. 1841 წელს პოეტს კვლავ აწინაურებენ – იგი გენერალ-ლეიტენანტი გახდა. 1842 წ. 23 დეკემბრიდან 1843 წ. 13 მარტამდე ალ. ჭავჭავაძე ამიერკავკასიის მხარის სამოქალაქო სამმართველოს უფროსის მოვალეობას ასრულებს; 1842–1844 წლებშია ამავე სამმართველოსთან შექმნილ აღალართა უფლებების მომწესრიგებელ კომიტეტს თავმჯდომარეობს. ალ. ჭავჭავაძე ადგენს პროგრესულ პროექტს, რომლის მიხედვითაც აღალარებს ეკრძალებოდათ დასახლებული ადგილების ყიდვა, მოეთხოვებოდათ სახელმწიფო და სამხედრო სამსახური, სახელმწიფოს ევალებოდა ზრუნვა მათს სწავლა-განათლებაზე და სხვ.
1843-ში დაინიშნა კახეთის მილიციის უფროსად, რომლის შექმნის უშუალო მიზანი კავკასიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მეთაურის – შამილის წინააღმდეგ ბრძოლა იყო. 1843 წლის 21 სექტემბერს იგი კავკასიისკენ დაიძრა და დაიპყრო დიდოეთი.
ცნობილია ერთი საინტერესო ფაქტი ალ. ჭავჭავაძის ამ პერიოდის მოღვაწეობიდან. 1845 წელს თბილისში სტუმრად მყოფ მთავარმართებელ ვორონცოვისთვის ალექსანდრე ჭავჭავაძეს ქართული გაზეთის დაარსება უთხოვია. 1845 წელსვე პოეტი ახლად დაარსებული სათეატრო კომიტეტის წევრი გახდა.
ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახი XIX საუკუნის პირველ ნახევარში ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი კერა იყო. მის სახლში გამუდმებით იკრიბებოდნენ ქართველი მწერლები, საზოგადო მოღვაწეეები, იმართებოდა ლიტერატურული საღამოები, თეატრალური წარმოდგენები, დისკუსიები საზოგადოებრივ საკითხებზე, შეკრებილნი კითხულობდნენ ახალ ნაწარმოებებს. იონა მეუნარგიას გადმოცემით, ქართული მუდმივი თეატრის შექმნის იდეა ალექსანდრეს ოჯახში ჩასახულა. სცენისმოყვარეთა პატარა წრეც ჩამოუყალიბებიათ, რომლის სათავეში თავად პოეტი მდგარა. სწორედ ამ პერიოდში უთარგმნია მას პიერ კორნელის ტრაგედია „სიდი“, საოჯახო წარმოდგენაც მოუმზადებიათ, რომელშიც ერთერთი მთავარი როლი ალექსანდრეს უნდა შეესრულებინა, მაგრამ რაღაც მიზეზის გამო წარმოდგენა ჩაშლილა.
ალ. ჭავჭავაძემ 1810 წელს შეირთო სარდალ იონა ორბელიანის ასული სალომე ორბელიანი. ალ. ჭავჭავაძესა და მის მეუღლე სალომე ორბელიანს 4 შვილი, 14 შვილიშვილი და 31 შვილთაშვილი ჰყავდათ. უფროსი ქალი ნინო (1812-1857) ცნობილი რუსი მწერლის გრიბოედოვის მეუღლე იყო; მეორე ქალი ეკატერინე (1816-1882) — სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დავით დადიანის მეუღლე; მესამე შვილი გენერალ-მაიორი დავითი (1818-1884); მეოთხე ქალი სოფიო (1833-1891) — კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველი ბარონ ნიკოლაის მეუღლე.
ალექსანდრე ჭავჭავაძის ულამაზესი ასულები ნინო და ეკატერინე არაერთი პოეტის შთაგონების წყაროდ ქცეულან. მათ ლექსებს უძღვნიდნენ ნიკოლოზ ბარათაშვილი და გრიგოლ ორბელიანი. სწორედ ეკატერინე ჭავჭავაძემ გადასცა ილია ჭავჭავაძეს ცარსკოე სელოში ყოფნის დროს ბარათაშვილის პოემის „ბედი ქართლისას“, „მერანის“ და სხვა ლექსების ხელნაწერი რვეული.
ალექსანდრე ჭავჭავაძე სრულიად მოულოდნელად გარდაიცვალა. 1846 წლის 6 ნოემბერს პოეტი ვორონცოვის დაბადებისადმი მიძღვნილ ნადიმზე იყო მიწვეული. დღის პირველ საათზე სახლიდან ახალი გამოსული, საპარადოდ გამოწყობილი ალ. ჭავჭავაძე ეტლით მიემგზავრებოდა ვორონცოვთან. გზად მიმავალს, ახლანდელი ალ. ჭავჭავაძის ქუჩის დასაწყისში, ეტლში შებმული ცხენი დაუფრთხო ბინიდან გადმოღვრილმა წყალმა. პოეტი შეეცადა მეეტლეს მიშველებოდა. ალექსანდრე წამოდგა, უნდოდა აღვირს სწვდომოდა, მაგრამ შინელის კალთა ბორბალმა ჩაიხვია, ეტლიდან გადმოვარდა და თავით ფილაქანზე დაეცა. გონწასული პოეტი მეორე დღეს, დილის ცხრა საათზე გარდაიცვალა საკუთარ სახლში.
მესამე დღეს მთელმა თბილისმა გააცილა პოეტის ნეშტი კახეთში. დაკრძალეს შუამთის მონასტერში – საგვარეულო აკლდამაში, სადაც დამარხულია დედამისიც. მის საფლავზე ძევს ქვა, რომელსაც აწერია: „მარად უვიწყოსა სიმამრისა სამარესა დავსდე ფიქალი ესე მთავარმა დავით დადიანმან“. საფლავის გასწვრივ კედელში მოთავსებული მარმარილოს ფიქალის წარწერა მთავრდება ფსალმუნის სიტყვებით: “მწუხრსა განუსვენოს ტირილმან და ცისკარსა სიხარულმან”.
ქიმია — მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ნივთიერების შემადგენლობასა და აღნაგობას, ნივთიერების თვისებებს და გარდაქმნებს, ამ გარდაქმნათა ხელშემწყობ ან თავიდან აცილებისათვის აუცილებელ პირობებს. ქიმიკოსები სწავლობენ ქიმიურ ელემენტებს, მათგან ერთ-ერთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიცოცხლისათვის — ნახშირბადი. ორგანული ნივთიერებები ეწოდება ნახშირბადის შემცველ ნაერთებს, ხოლო არაორგანული — სხვა დანარჩენებს. ამის შესაბამისად გვაქვს ქიმიის ორი ძირითადი დარგი — ორგანული ქიმია და არაორგანული ქიმია.
ეტიმოლოგია
ძნელი სათქმელია, თუ როდის წარმოიშვა პირველად სიტყვა „ქიმია“ და რა აზრს იტევდა იგი თავდაპირველად თავის თავში. ამის შესახებ მრავალ ისტორიკოსს აქვს გამოთქმული საკუთარი ჰიპოთეზა, თუმცა დღემდე არ მოხერხდა საერთო აზრამდე მისვლა.
ტერმინები — „ქიმია“, „ქიმიკოსი“ ინტენსიურად გამოიყენება სამეცნიერო ლიტერატურაში, მონოგრაფიებსა და სახელმძღვანელოებში XVII საუკუნიდან მოყოლებული. მრავალ ევროპულ ენაზე სიტყვა „ქიმიას“ იდენტური მნიშვნელობა გააჩნია: chemistry — ინგლისურად, Chemie — გერმანულად, chimie — ფრანგულად, chimica — იტალიურად, quimica — ესპანურად და პორტუგალიურად, kemi — შვედურად და დანიურად, და თურქულად — kimya. ამ ჩამონათვალში ყურადღება მისაქცევია ფუძეზე „ქემ“ ან „ქიმ“, რომელიც თითოეულ მათგანში ფიგურირებს. შესაძლოა ეს არის ის ადგილი, საიდანაც შეიძლება ტერმინ „ქიმიის“ განსამარტი გასაღების მოძებნა. ზუსტად მსგავსი გზით მიდიოდნენ ისტორიკოსები, რომლებიც ამ პრობლემაზე იმტვრევდნენ თავს, და როგორც ერთ-ერთი მათგანი აღნიშნავდა, სიტყვა „ქიმია“ თანაჟღერადია რამდენიმე ძვ. ბერძნული სიტყვისა. მაგალითად სიტყვა „ქიმოს“-ის, რომელიც „წვენს“ ნიშნავს. ეს სახელწოდება გვხვდება უძველეს ხელნაწერებში, რომელიც მედიცინასა და ფარმაციას ეხება. „ქიმა“ ან „ქიუმა“ ძვ. ბერძნულად „დნობას“ ნიშნავს და არ არის აზრს მოკლებული იმის ვარაუდიც, რომ „ქიმია“ თავდაპირველი მნიშვნელობით „ლითონების გამოდნობის ხელოვნებას“ ნიშნავდა. აი, „ქიმევსის“-ი კი „არევას“ ნიშნავს, რაც როგორც ყველას მოეხსენება ერთ-ერთი აუცილებელი პროცესია ქიმიაში, ასე რომ ეს ძვ. ბერძული სიტყვაც შეიძლება მოვიაზროთ ამ ტერმინის პირველწყაროდ.
მრავალი მეცნიერი ცნება „ქიმიის“ სამშობლოდ ძვ. ეგვიპტეს ასახელებს. ძველი ეგვიპტელები სიტყვით „ქემა“ მდინარე ნილოსის ნაყოფიერ ნაპირებს მოიხსენიებდნენ (საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ძველ ბერძნულ ენაში სიტყვა „ნიადაგი“ წარმოითქმის როგორც „გუმუს“). ამ მოსაზრებას ემხრობოდა ფრანგი ქიმიკოსი მარსელენ ბერტლო, რომელიც თავის თანამოაზრეებთან ერთად ამტკიცებდა რომ „ქიმია“ იმ ცოდნის ერთობლიობას წარმოადგენს, რომელიც დედამიწის წიაღის შესწავლასთან იყო დაკავშირებული. გამოთქმული იყო ასეთი „ეგზოტიკური“ მოსაზრება, თითქოს „ქიმია“ წარმოსდგება ძველი ჩინური სიტყვისაგან „კიმ“, რაც „ოქროს“ ნიშნავს.
ისტორიული წყაროების თანახმად ტერმინი „ქიმია“ იმ მნიშვნელობით, რომელიც, მან დასავლურ ევროპულ ცივილიზაციაში შეიძინა, პირველად გამოიყენა ზოსიმე პანოპოლიტანელმა ჩვენი წელთაღრიცხვის IV საუკუნის მეორე ნახევარში.
ქიმიის ისტორია
ზოგიერთი ქიმიური პროცესი, მაგალითად მადნისაგან ლითონების მიღება, ტანსაცმლის ღებვა, ტყავის გამოყვანა და სხვა, ადამიანის მიერ კულტურული ცხოვრების გარიჟრაჟზე გამოიყენებოდა. მე-3-4 საუკუნეებში ჩაისახა ალქიმია, რომლის მიზანი იყო სხვადასხვა ლითონების გადაქცევა კეთილშობილ ლითონებად. აღორძინების ეპოქიდან დაწყებული ქიმიურ კვლევებს სულ უფრო და უფრო აქტიურად იყენებდნენ პრაქტიკული მიზნებისათვის (მეტალურგია, მინის წარმოება, კერამიკის და საღებავების დამზადება). მე-17 საუკუნის მე-2 ნახევარში რ. ბოილმა პირველმა შემოიღო „ქიმიური ელემენტის“ ცნების მეცნიერული განმარტება.
აქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან (1918 წლის 26 მაისი) სამ წელში, 1921 წელს საბჭოთა რუსეთის ხელმძღვანელობამ ძალის გამოყენებით საქართველოს დაპყრობის გადაწყვეტილება მიიღო.
რუსეთის წითელი არმია ჩვენს ქვეყანაში 12 თებერვალს შემოიჭრა. რუსეთის მე-11 არმიას ქართული ჯარი, სახალხო გვარდია და მოხალისეები თბილისის მისადგომებთან აღუდგნენ. ძირითადი ბრძოლები კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა.
მე-11 არმიას იუნკერებმა დიდი წინააგმდეგობა გაუწიეს. მათ ერთხანს კიდეც უკუაგდეს მტერი. თუმცა განახლებული შეტაკებების შედეგად იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა. თბილისის მისადგომებთან ბრძოლაში მოხალისედ წასული, პოეტ კონსტანტინე მაყაშვილის 20 წლის ქალიშვილი მარო მაყაშვილიც დაიღუპა. ის ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა კეფაში.
23 თებერვალს კოჯრისა და ტაბახმელას ტერიტორიაზე ბრძოლები შეწყდა.
1921 წლის 25 თებერვალს კი საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია თბილისში უბრძოლველად შეიჭრა. მოკავშირეების გარეშე, ბედის ანაბარად მიტოვებულმა ქვეყანამ ვერ გაუწია სათანადო წინააღმდეგობა რუსეთის არმიას, რომელმაც დაიკავა საქართველოს დედაქალი და აქ საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა. ქვეყანამ სუვერენიტეტი დაკარგა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ბათუმში გადავიდა, ხოლო იმავე წლის მარტში დატოვა საქართველო და ემიგრაციაში წავიდა. მებრძოლ იუნკერებს სამშობლო არასოდეს დაუტოვებიათ.
კოჯრის მახლობლად გმირულად დაღუპული იუნკერები დიდი პატივით დაკრძალეს ეკლესიის ეზოში. იქ, სადაც ამჟამად საქართველოს პარლამენტის შენობა მდებარეობს. აღნიშნული ტაძარი კი (აგებული 1897 წ.) 1930 წელს კომუნისტური იდეოლოგიისა და რეჟიმის შედეგად დაანგრიეს.
2010 წელს საქართველოს პარლამენტმა ერთხმად მიიღო დადგენილება, რომელიც ავალებს მთავრობას ყოველ 25 თებერვალს, ასეულ ათასობით ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, რომლებიც “კომუნისტურმა საოკუპაციო რეჟიმმა პოლიტიკური ნიშნით სიცოცხლეს გამოასალმა”, დაუშვას სახელმწიფო დროშები და გამოცხადდეს წუთიერი დუმილი.
25 თებერვალს საზეიმო ღონისძიებები შეზღუდულია. მართლმადიდებლურ ტაძრებში კი გმირების სულების მოსახსენიებელი პანაშვიდები სრულდება.
27 სექტემბერი ტრაგიკული და მტკივნეული დღეა ქართველი ერის ისტორიაში, რომელსაც მძიმედ განიცდის მთელი საქართველო, იგი სოხუმის დაცემის დღეა. ომმა აფხაზეთში უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო 300 ათასი ადამიანი დევნილად აქცია. მე მინდა კიდევ ერთხელ ქედი მოვიხარო საქართველოს უახლესი ისტორიის ჭეშმარიტი გმირების წინაშე, რომლებმაც თავი გასწირეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში. თითოეული ჩვენგანისა და ჩვენი სახელმწიფოს ვალია ბოლომდე მივიყვანოთ ის საქმე, რასაც ეს გმირები შეეწირნენ, მივიდეთ მიზნამდე, რომელსაც გაერთიანებული საქართველო, ერთიანი და ძლიერი სახელმწიფო ჰქვია.
18 წლის წინ, სამწუხაროდ, ვერ შევძელით თავს მოხვეული რუსეთის აგრესიის თავიდან აცილება და ამ ომში ქართველებიც და აფხაზებიც დავმარცხდით. ეს დღე საერთო ტკივილია როგორც ქართველებისთვის, ასევე აფხაზებისთვის, რადგან ამ ომში გამარჯვებას მხოლოდ გარეშე ძალამ მიაღწია. ყველამ ვიცით, თუ რა შედეგები მოჰყვა ამ ტრაგედიას: რუსული სამხედრო ბაზები ხმელეთზე, რუსი მესაზღვრეები საოკუპაციო ხაზზე, რუსული გემები საქართველოს (აფხაზეთის) წყლებში – ასეთია დღევანდელი აფხაზეთის რეალობა. ქვეყანა, რომლის ინსპირირებითაც ეს ომი მოხდა ახალ მოკავშირეებს ეძებს, რათა მოახდინოს ძალისმიერი გზით მოპოვებული აფხაზეთის ტერიტორიის დაკანონება. მაგრამ დღეს სხვა დროა და დემოკრატიული ქვეყნები, თავისუფალი მსოფლიო არ აპირებს ამ რეალობის აღიარებას. სწორედ ამიტომ, ენგურს აქეთ საქართველოში დღევანდელი დღე ხსოვნისა და იმედის დღეა. მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ აფხაზეთი დაუბრუნდეს თავის ისტორიულ წიაღს. საქართველოს ხელისუფლება არ დაიშურებს ძალისხმევას სერთაშორისო ასპარეზზე, რომ მშვიდობიანი გზით მოხდეს ჩვენი მთავარი პრობლემის გადაჭრა – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. გვჯერა, რომ, როგორც პოლიტიკური, ასევე სამართლებრივი გზებით, წარმატებას მივაღწევთ და 27 სექტემბერი ქართული საზოგადოების გაერთიანების დღედ იქცევა.
მე ღრმად მწამს, რომ კვლავ აღდგება ქართველებსა და აფხაზებს შორის ჩატეხილი ხიდი. ამიტომ დღევანდელი დღე ხსოვის, გლოვის და იმედის დღეა, რწმენის, რომელიც აფხაზეთში დაგვაბრუნებს. მანამდე კი, ყველამ, საქართველოში მცხოვრებმა ქართველებმაც და საზღვარგარეთ ჩვენმა თანამემამულეებმა არ უნდა დავივიწყოთ საქართველოს ეს საოცრად ლამაზი მხარე: გახსოვდეთ აფხაზეთი!
ნოე ბესარიონის ძე რამიშვილი (დ. 1881 – გ. 7 დეკემბერი, 1930, პარიზი) – ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს სოციალ–დემოკრატიული პარტიის ერთ–ერთი ლიდერი და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარე. იყო რუსეთის სოციალ–დემოკრატიული მუშათა პარტიის, მენშევიკური ფრთის წარმომადგენელი. ცნობილი იყო ასევე პარტიული ფსევდონიმებით: პეტრე, სემიონოვი ნ.
კარიერა
1902 წელს შევიდა სოციალ–დემოკრატების პარტიაში, II ყრილობაზე პარტიის გაყოფის შემდეგ იყო მენშევიზმის აქტიური მხარდამჭერი. რსდმპ V ყრილობაზე (ლონდონი, 1907) აირჩიეს ცკ–ის წევრად მენშევიკებისგან. 1910 წელს რსდმპ საოლქო კომიტეტის წევრი თბილისში. რეაქციის წლებში რამიშვილი ლიკვიდატორი, ხოლო I მსოფლიო ომის დროს „ობორონეცი“ იყო. თებერვლის ბურჟუაზიულ–დემოკრატიული რევოლუციის შემდეგ კავკასიის გლეხთა დეპუტატების საბჭოების ცენტრის თავჯდომარე, ქართველ მენშევიკთა ცკ–ის წევრი და მენშევიკური გაზეთ „ერთობის“ რედაქტორი. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ნოე რამიშვილი აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს და პარლამენტის წევრად 1917-1918 წწ, იმავე წლის 22 აპრილს დაინიშნა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრად.
26 მაისს, აირჩიეს ახლადშექმნილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროებითი მთავრობის პირველ თავჯდომარედ. სადაც იმავე წლის 24 ივლისს შეცვალა ნოე ჟორდანიამ, ხოლო ნოე რამიშვილი დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინსტრად, პარალელურად 1919-1921 წწ განათლებისა და სამხედრო მინისტრი და დამფუძნებელი კრების წევრია.
ოპოზიცია ხშირად აკრიტიკებდა თავისი მკაცრი რეაქციის გამო 1918 და 1919 წწ გლეხთა გამოსვლებზე, რომელიც ბოლშევიკების მიერ იყო ორგანიზებული. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, 1921 წლის თებერვალ–მარტში, რამიშვილი საქართველოს მთავრობასთან ერთად ემიგრაციაში წავიდა საფრანგეთში, თუმცა ბოლშევიკური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა არ შუწყვეტია. იყო 1924 აგვისტოს აჯანყების აქტიური ორგანიზატორი.
რამიშვილი აქტიურად იყო ჩართული პოლონეთის მიერ წარმოებულ ანტისაბჭოთა პრომეთეისტულ მოძრაობაში. 1930 წელს, ის მოკლეს პარიზში ქართველი ემიგრანტის მიერ, ბოლშევიკების დავალებით.
ბიოგრაფია
გიორგი ლეონიძე დაიბადა 1900 წლის 8 იანვარს კახეთში, საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულში. პოეტის მამა – ნიკო ლეონიძე ცნობილი საზოგადო მოღვაწე ყოფილა, პედაგოგი, ვაჟა-ფშაველას დიდი მეგობარი. მას გორის სემინარის ჰქონდა დამთავრებული.
ნიკო ლეონიძის ოჯახში იკრიბებოდნენ ქართული საზოგადოების გამოჩენილი წარმომადგენლები. ნიკო ლეონიძე სიცოცხლის ბოლო წლებში სასულიერო მოღვაწეობას ეწეოდა. იგი ადრე გარდაიცვალა, გიორგი ლეონიძე მაშინ ორი წლისაც არ იყო.
ხუთი შვილის აღზრდა დედას დააწვა მხრებზე. დედა პოეტისა გახლდათ სოფიო გულისაშვილი. იგი მშობლიური ენისა და ლიტერატურის, ისტორიის, ხალხური სიტყვიერების საუკეთესო მცოდნე ყოფილა. სოფიოს მამა ნინოწმინდის სამიტროპოლიტო ტაძრის წინამძღვარი იყო. ბიძა – ზაქარია გულისაშვილი – ხალხოსანი მწერალი; იბეჭდებოდა „შაქროს“ ფსევდომინით.
ასეთ გარემოში აღზრდილ გიორგი ლეონიძეს ბავშვობიდანვე გამოჰყვა ქვეყნისა და მშობლიური ლიტერატურის სიყვარული. დედა საათობით უამბობდა მიმზიდველ ამბებს საქართველოს ისტორიიდან, აცნობდა ქართულ ლექსებს, მოთხრობებს, ზღაპრებს… გიორგი ლეონიძის სწავლა-აღზრდაზე დიდი გავლენა მოახდინა მამის დანატოვარმა მდიდარმა ბიბლიოთეკამაც.
1097 წელს გ. ლეონიძე თბილისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს. ამ პერიოდში მან თანამოაზრეებთან ერთად ლიტერატურული წრე ჩამოაყალიბა.
1913 წელს გ. ლეონიძემ სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც 1918 წელს დაასრულა. სემინარიაში სწავლის პერიოდი მომავალი პოეტისათვის მეტად მნიშვნელოვანი გამოდგა. აქ მას ასწავლიდნენ ისეთი გამოჩენილი პიროვნებები, როგორებიც არიან: ვასილ ბარნოვი, ნიკო სულხანიშვილი, კორნელი კეკელიძე და სხვ. აქვე დაიწყო გ. ლეონიძის სამწერლობო მოღვაწეობაც. 1911 წლიდან უკვე პრესაში გამოჩნდა მისი პირველი ლექსები და წერილები. იგი რედაქტორობდა ხელნაწერ ჟურნალებს „გვირგვინი“ და „ფანდური“, რომლებიც სემინარიაში გამოდიოდა.
1916 წელს გიორგი ლეონიძემ დააარსა ლიტერატურული ალმანახი „საფირონი“, ხოლო 1922 წლიდან ყოველკვირეული გაზეთი „ბახტრიონი“.
1918 წლიდან გიორგი ლეონიძე დაუახლოვდა ქართველ სიმბოლისტთა ჯგუფს – „ცისფერყანწელებს“ და ერთხანს ამ ორგანიზაციის აქტიური წევრიც იყო.
1919 წელს პოეტმა თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტში განაგრძო სწავლა.
გიორგი ლეონიძის თაოსნობით 1931 წელს დაარსდა მთაწმინდის მწერალთა მუზეუმი, რომელიც მოგვიანებით საქართველოს სახელმწიფო ლიტერატურულ მუზეუმად გადაკეთდა. გ. ლეონიძე წლების მანძილზე მუშაობდა ამ მუზეუმის დირექტორად.
1950-54 წლებში გ. ლეონიძე მუშაობდა საქართველოს მწერალთა კავშირის მდივნად, 1958-66 წლებში კი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორად. 1944 წელს გიორგი ლეონიძე აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად. გამოქვეყნდა მისი მოთხრობების წიგნი „ნატვრის ხე“, სადაც პოეტის ბავშვობისდროინდელი მოგონებები და შთაბეჭდილებებია გადმოცემული.
გიორგი ლეონიძე გარდაიცვალა 1966 წლის 9 აგვისტოს. დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
ყინწვისი, სოფ. ყინწვისიდან დაახლოებით 10 კმ-ზე ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი – სამონასტრო ანსამბლი, რომლის ნაგებობათაგან დღემდე თითქმის თავდაპირველი სახით შემორჩა XIII საუკუნის დასაწყისის წმ. ნიკოლოზის ჯვაროვან-გუმბათოვანი, გეგმით მართკუთხა ტაძარი.
საერთო იერით უახლოვდება ტიმოთესუბანს. ნაგებია აგურით, საკურთხევლის აფსიდი ბემიანია. აფსიდებითაა დასრულებული სამკვეთლოცა და სადიაკვნეც. შიგა სივრცეს ქმნის ჯვრის ოთხი მკლავი, რომელთაგან აღმოსავლეთი მკლავის გარდა ყველა სწორკუთხაა. დასავლეთი მკლავი უფრო გრძელია. გუმბათქვეშა კვადრატიდან წრეზე გადასვლა განხორციელებულია აფრებით, რომლებზედაც ამოყვანილია 12-სარკმლიანი გუმბათის ყელი. სარკმლები შემკულია აგურის წყობით გამოყვანილი თაღებით. ტაძარს სამი შესასველი აქვს – ჩრდილოეთის, სამხრეთის და დასავლეთის. შენობა შიგნით თავიდანვე შეულესავთ და მოუხატავთ, ფრესკების დიდი ნაწილი დაზიანებულია, მაგრამ რაც დარჩა, მხატვრული ღირსებით შუა საუკუნის ქართული მონუმენტური ფერწერის ერთ-ერთი საუკეთესო და მნიშვნელოვან ძეგლს წარმოადგენს. ჩრდილოეთ კედელზე გამოსახეული არიან გიორგი III, თამარ მეფე და გიორგი ლაშა.
საკურთხევლის კონქში ღვთისმშობლის მონუმენტური ფრესკაა. ჩრდილოეთ კედელზე მაცხოვრის აღდგომის კომპოზიციიდან აღსანიშნავია ანგელოზის გამოსახულება. მომხიბლავია ფრესკების კოლორიტის ჰარმონიულობა. ფონისთვის გამოყენებულია მოცისფრო-მოლურჯო ტონი, შარავანდებისათვის – ოქრო. ფიგურები პლასტიკურია, სამოსის ნაოჭები მსუბუქი, სახეები – მეტყველი. კომპლექსის ნაგებობათაგან შემორჩა აგრეთვე XIII საუკუნის ღვთისმშობლის ეკლესიის ნანგრევები (ფრესკებითა და კანკელით), განვითარებულია შუა საუკუნეების მცირე ეკლესია და გვიანდელი შუა საუკუნეების სხვა ნაგებობანი.
საფარის მონასტერი — შუა საუკუნეების ქართული მონასტერი. სამცხის მფლობელ ჯაყელთა ერთ-ერთი რეზიდენცია. დაარსებულია არა უგვიანეს X საუკუნისა. მდებარეობს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელთან.
არქიტექტურა
კომპლექსის ყველაზე ადრინდელი შენობაა X საუკუნის მიძინების ერთნავიანი ეკლესია (ამ ეკლესიის კანკელის ფრაგმენტები ინახება საქართველოს ხელოვნების მუზეუმში). წმინდა საბას მთავარი ეკლესია, სამრეკლო და სასახლე XIII საუკუნის დასასრულისა და XIV საუკუნის დასაწყისს მიეკუთვნება, როცა სამცხეს ბექა მანდატურთუხუცესი, სარგისის ძე განაგებდა (სარგისი, ბექა და მისი ვაჟები- სარგის II და ყვარყვარე დახატულნი არიან წმინდა საბას ეკლესიის კედელზე). ჯაყელებმა საფარა თავის რეზიდენციად და საძვალედ აქციეს. ტაძრისა და კარიბჭეს სარკმლის წარწერაში მოხსენიებულია ხუროთმოძრვარი ფარეზასძე. წმინდა საბას ტაძარი შვეული კლდის პირზეა აღმართული. მის ასაშენებლად საჭირო გამხდარა არა მარტო ადგილის მოშანდაკება, არამედ კლდის ქიმზე საგანგებო საყრდენის ამოყვანაც. ძეგლის ფასადების დამუშავებაში, ორნამენტსა და ტექნიკის შესრულებაში ახლებური ხერხები ჩანს, მაგრამ წარსულთან კავშირი კვლავ საგრძნობია. ახალი ნიშნებმა თავი იჩინა, პირველ ყოვლისა, შენობათა ნაწილების შეფარდებაში (შდრ. ბეთანია, ფიტარეთი).
გუმბათის ყელი დადაბლებული და გაფართოებულია, რის შედეგადაც შენობის კორპუსი უფრო მაღალი ჩანს. ფასადებზე თავისუფალი, გლუვი ზედაპირები მეტია, ვიდრე წინათ იყო, გუმბათის ყრუ სარკმლები, რომლებიც ისვეა გაფორმებული საპირეებით როგორც ნამდვილი. ინტერიერში კვლავ ჩნდება პატრონიკენი, მაგრამ მას წმინდა დეკორატიული მნიშვნელობა აქვს. დასავლეთი კარიბჭე უჩვეულოდ მაღალია. მისი შიგა სივრცე, ღია თაღები, ვარსკვლავისებური კამარები უხვადაა შემკული ჩუქურთმებით. შენობაზე ბევრი წარწერაა. სამრეკლო ადრინდელი ქართული სამრეკლოების ტიპისაა. ქვემო კუბურ ნაწილში ჯაყელთა მსახურთუხუცესის ლასურისძის საგვარეულო სამარხი იყო, ზემოთ – საკუთრივ სამრეკლო.
მონასტრის ტერიტორიაზე გაფანტული სხვა სამლოცველოები XIV-XVI საუკუნეებს მიეკუთვნება. მონასტერს თავს დაჰყურებდა ციხე, გარშემო გალავანი ერტყა. XVI საუკუნეში მიტოვებული მონასტერი XIX საუკუნეში რუსმა ბერებმა განაახლეს, ზოგი რამ ააშენეს, შეაკეთეს ან გადააკეთეს, რამაც პირვანდელი სახის დამახინჯება გამოიწვია.
ცნობილი მოღვაწეები
საფარის მონასტერის მოღვაწეთა მთავარი წარმომადგენელია კათოლიკოსი არსენ I (IX ს.). X-XI საუკუნეებში აქ იღვწოდნენ ივანე და გაბრიელ საფარლები, XII საუკუნეში – იოანე მტბევარ-საფარელი, XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე – მწიგნობარი ეფრემი, XVI საუკუნეში – ცნობილი კალიგრაფი სვიმეონ კარგარეთელი, XVIII-XIX საუკუნეებში – გადამწერები მიტროფანე საფარელი, ქრისტესია სამადაშვილი და სხვა.
პატარა სოფელი ზარზმა ქვაბლიანის ხეობაში მდებარეობს, რაიონის ცენტრის – ადიგენის დასავლეთით, ექვსიოდე კილომეტრის დაშორებით. სოფელი მდინარის მარჯვენა ნაპირას, ჩრდილოეთისაკენ დაქანებულ ფერდზეა. მის ზემოთ, მთაზე, წიწვიანი ტყეა, ხოლო ფერდის ძირში ქვაბლიანს მდინარე ძინძე ერთვის. როცა ზარზმის ეკლესიის დასავლეთის კედელთან დგახარ, ორ ხეობას ხედავ: პირდაპირ ქვაბლიანის წყლის ხეობაა, მარცხნივ კი – ძინძეს: აქეთ მიემართება გზა გოდერძის უღელტეხილისა და აჭარისკენ.
ზარზმაში რამდენიმე ძველი ნაგებობაა: დიდი ტაძარი და მასზე აღმოსავლეთით მიშენებული სამლოცველო, სამრეკლო და მის ჩრდილოეთის კედელს მიბჯენილი სამლოცველო; ასეთივე მცირე, ერთნავიანი სამლოცველო ტაძრის ჩრდილო-დასავლეთის კუთხესთან; ორი მცირე ეკლესიის ნანგრევი ეკლესიის სამხრეთით და წყარო ტაძრის აღმოსავლეთით.
სამრეკლოს დასავლეთის კედელთან მიწაში რაღაც ღრმულია, რომელშიაც ნანგრევის ლოდები ყრია. ადგილობრივ მცხოვრებთა გადმოცემით, აქედან იწყებოდა მდინარეზე ჩასასვლელი გვირაბი. ახლა გვირაბი მიწითაა ამოვსებული.
ზარზმის ტაძარს ხანგრძლივი ისტორია აქვს. ამ ადგილას ეკლესია გაცილებით ადრე აშენდა, ვიდრე ახლანდელ დიდ ტაძარს ააგებდნენ. ზარზმის მონასტერს საფუძველი ჩაუყარა ადრინდელი ფეოდალური ხანის ცნობილმა სასულიერო მოღვაწემ სერაპიონ ზარზმელმა (მისი ცხოვრების დროის შესახებ, სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს). სერაპიონისა და მისი მომდევნო წინამძღვრების სამშენებლო მოღვაწეობის ამბავს ჩვენ კარგად ვიცნობთ ბასილ ზარზმელის შესანიშნავი თხზულების “სერაპიონ ზარზმელის ცხოვრების” წყალობით.
ბასილის მოთხრობის თანახმად, სერაპიონი კლარჯი იყო, მიქელ პარეხელის მოწაფე. იგი თავის ძმასთან ერთად, მაშინ წამოვიდა “ქვეყნად სამცხისად”, როცა მიქელს გამოეცხადა “ვინმე, ვითარცა მღდელ-შუენიერად შემოსილი” და აუწყა, შენი მოწაფეები უნდა წავიდნენ და დააარსონ მონასტერი იქ, სადაც მათ ღმერთი ანიშნებსო. სერაპიონმა და მისმა ძმამ თან წამოიღეს ფერისცვალების ხატი და ბევრი ძებნის შემდეგ, სხვადასხვა სასწაულებისა და ხილვათა მიხედვით, ნახეს სამონასტრო ადგილი.
იქაურმა მთავარმა გიორგი ჩარჩანელმა, დიდი დახმარება აღმოუჩინა სერაპიონს. ბასილს განმარტებული აქვს, რატომ ეწოდა ამ ადგილს ზარზმა. სერაპიონმა სასწაული მოუვლინა მახლობელი დაბის მცხოვრებთ, რომლებიც მტრულად შეხვდნენ მას: ერთ დღეს გასკდა კედელი და წამოვიდა ნიაღვარი, რომელმაც თითქმის მთელი სოფელი წალეკა. ამ სასწაულმა ისეთი თავზარი დასცა ყველას, რომ ბასილის აზრით: “რამეთუ ეწოდა ზარზმა, რომელი ზარითა და შიშითა მიუთხრობელითა შეპყრობილ იყვნეს”.
ეკლესიის ადგილის შერჩევის შემდეგ, “დადვეს საფუძველი”. ხუროთმოძღვარი ყოფილა ვინმე გარბანელი და “ორნი იგი ძმანი”, ზარზმის მახლობლად მცხოვრებნი, რომლებიც სერაპიონის სასწაულის შემდეგ ბერებად ეკურთხნენ.
ეკლესიის შენებას სამ წელიწადს მოუნდნენ. როცა იგი “სრულ იქმნა”, ტაძარი შეამკეს და “აღმართეს მას შინა ცხოველმყოფელი ხატი ფერისცვალებისაი”. ამის შემდეგ ააგეს სენაკები ბერებისთვის, რომელთა რიცხვი სწრაფად იზრდებოდა. გიორგი ჩორჩანელმა ზარზმას სოფლები და მამულები შესწირა, სერაპიონმა “განაჩინნა წესნი და კანონნი საეკლესიონი”, მონასტერმა იწყო ზრდა და ზარზმაში, მანამდის უდაბურ, უღრანი ტყით დაფარულ ადგილას, ქართული კულტურის ახალი კერა გაჩნდა.
ზარზმის მეორე ეკლესია, რომლის აგება სერაპიონმა ძმებს უანდერძა, რამდენიმე ხნის შემდეგ დაიწყეს ერთი გლეხი კაცის “წარსაგებელით” (ხარჯით). როცა ეკლესია სარკმლებამდის ააშენეს, დაილია ამ კაცის მიერ შეწირული ოქრო, ამ ადგილას ის გლეხი გამოაქანდაკეს, ხოლო როცა სარკმლებიც მოათავეს, გამოხატეს მიქელ წინამძღვარი და მშენებლობის ხელმძღვანელიც. ეს ყველაფერი ბასილის თხზულებაშია ნაამბობი.
ზარზმის ამ უძველეს ტაძრებს ჩვენამდის არ მოუღწევია. ახლა ზარზმაში ყველაზე ძველი ისტორიული ძეგლია დიდი წარწერა სამრეკლოს გვერდით მდებარე სამლოცველოს შესასვლელის თავზე. წინათ წარწერა სხვა შენობაზე ყოფილა, ახლანდელ ადგილას იგი უფრო გვიან გადმოიტანეს და რაკი წარწერიანი ქვა მისთვის განკუთვნილ ადგილას არ ეტეოდა, მას მარჯვენა ნაწილი ჩამოაჭრეს.
შეიძლება ითქვას, რომ ეს წარწერა ყველაზე ღირსშესანიშნავთაგანია ძველ ქართულ წარწერათა შორის. იგი X საუკუნის დასასრულს (979-1001) ეკუთვნის და დავით კურაპალატის დროინდელ ამბავს მოგვითხრობს – ქართველთა ლაშქრობას აჯანყებულ ბარდა სკლიაროსის წინააღმდეგ, ბიზანტიის მეფეთა დასახმარებლად. “მე, ივანე ძემან სულისამან, აღვაშენე წმიდაი ეგუტერი” (სამლოცველო), წერს ლაშქრობის მონაწილე, რომელსაც რაღაც კავშირი ჰქონია ზარზმასთან, “მას ჟამსა, ოდეს საბერძნეთს გადგა სკლიაროსი, დავით კურაპალატი ადიდენ ღმერთმან, უშუელა წმიდათა მეფეთა და ჩუენ ყოველნი ლაშქარს წარგვავლინნა”.
ივანე სულისძის წარწერა მოწმობს, რომ X-XI საუკუნეების მიჯნაზე ზარზმა მნიშვნელოვანი ცენტრი იყო, იქ გაცხოველებული მშენებლობა წარმოებდა. ამასვე მოწმობს XI საუკუნის შესანიშნავი ჭედური ნივთები, რომლებიც წინათ ზარზმას ეკუთვნოდა. ახლა ისინი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ინახება. ზარზმის მთავარი ტაძარი, რომელმაც, როგორც ჩანს, ადრინდელ შენობათა ადგილი დაიჭირა, XIV საუკუნის პირველ წლებშია აგებული, სამცხის ათაბაგის ბექა მანდატურთუხუცესის დროს (იმდროინდელია სამრეკლოც ჩამატებულ ნაწილთა გამოკლებით).
ტაძარი თლილი ქვით ნაგები გუმბათიანი შენობაა იმავე ტიპისა, რომელსაც საფარის წმ. საბას ტაძარი მიეკუთვნება. მაგრამ მას სხვაგვარი, უფრო მსუბუქი პროპორციები აქვს, ხოლო კარიბჭე დასავლეთით კი არაა, არამედ სამხრეთით, მთელი ფასადზე გაყოლებით. ეს კარიბჭე, სამი ღია თაღით ეკლესიის შესასვლელის წინ, დიდად ამშვენებს ზარზმის ტაძარს (ასეთი კარიბჭე ზარზმის თანამედროვე არც ერთ სხვა დიდ ეკლესიას არა აქვს). განსხვავებულია ჩუქურთმის სახეები და მორთულობის ცალკეული ნაწილებიც.
აღმოსავლეთის ფასადზე აქ მთავარ ყურადღებას იპყრობს უზარმაზარი მოჩუქურთმებული ჯვარი მთავარი სარკმლის თავზე. ამგვარ ჯვრებს ქართული ტაძრების ფასადზე ადრეც ვხვდებით, მაგრამ ზარზმის თანამედროვე შენობებში მათი ზომა განსაკუთრებით დიდია. ჯვრის მკლავები ფასადის თითქმის მთელ სიგანეს წვდება.
მნახველის გაკვირვება შესაძლებელია გამოიწვიოს დასავლეთის ფასადმა. აქ მთავარი სარკმელი და შესასვლელი ერთ შვეულ ღერძზე არაა მოთავსებული. ეს უჩვეულო შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ხუროთმოძღვრის ჩანაფიქრი ადვილი გასაგებია: სარკმელი ზუსტად ფასადის ზემო ნაწილის ცენტრშია მოქცეული, შესასვლელი კი ზუსტად ქვემო ნაწილის ცენტრში. ეს ნაწილი კი უფრო განიერია., რადგანაც მას მარჯვენა მხარეს სამხრეთის მინაშენის დასავლეთის კედელი ემატება.
გუმბათის ყელზე, ისევე, როგორც საფარის წმ. საბას ტაძარში, თითო სარკმლის გამოტოვებით, ცრუ სარკმელია გაკეთებული. არც ერთ სხვა ეპოქაში, გარდა საფარისა და ზარზმის ეპოქისა, არ გვხვდება.
ზარზმის კედლებზე მრავალგვარი ჩუქურთმაა ამოკვეთილი, მაგრამ ხუროთმოძღვარი ამითაც არ დაკმაყოფილებულა და კედლის წყობაში სხვადასხვა ფერის ქვა გამოუყენებია. ზოგან სხვა ფერის ქვა ძირითადი ქვის ფონზეა აქა-იქ მიმოფანტული, გუმბათის ყელზე კი (სარკმლებს ზემოთ) ორგვარი ქვის ჭადრაკული წყობაა. უფრო მეტიც, გუმბათის ყელზე, ჩუქურთმის არშიებში, ფონი შეღებილია. ამის გამო, ჩუქურთმა შორიდან უფრო მკაფიოდ ჩანს.
ზარზმის ტაძარი ამჟამად სრულიად დაუზიანებლად დგას, თითქოს ახალი აშენებული იყოს. ხელუხლებელია მისი კედლები და სახურავი. რა თქმა უნდა, ტაძარს ჩვენს, დრომდის უვნებლად არ მოუღწევია. იგი შეაკეთეს XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე. მაშინ აღადგინეს მისი მხატვრობაც, რომელიც ჭუჭყის ისეთი ფენით იყო დაფარული, რომ ბევრი რამ არც გაირჩეოდა. სამწუხაროდ, შემკეთებელნი მარტო გაწმენდა-გამაგრებით არ დაკმაყოფილდნენ, მათ განაახლეს მხატვრობა და ამან დიდი ზიანი მოუტანა მას. საფარის ნახვის შემდეგ განსაკუთრებით იგრძნობა, რამდენად უსიამოვნოა ფერთა შეხამება ზარზმაში; მხატვრობამ დაკარგა ძველი ქართული ფრესკებისთვის დამახასიათებელი სიცხოველე და მეტყველება. მიუხედავად ამისა, ზარზმის მხატვრობა ძალიან მნიშვნელოვანი ძეგლია. იშვიათია, რომ ძველ მხატვრობაში თითქმის ყველა სურათი და ყველა ფიგურა იყოს გადარჩენილი ისიე, როგორც ზარზმაშია. აქ ტაძრის სრული მოხატულობა გვაქვს. დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ ზარზმის მხატვრობაში მრავალი ისტორიული პირის პორტრეტია წარმოდგენილი. ამ პორტრეტებს მხატვრობის, ქვემო რიგი უჭირავს.
ტაძარში კარიბჭიდან შევდივართ. სამხრეთის კედელზე, შესასვლელის მხარეს, გამოხატული არიან სამცხის ათაბაგები: სარგის I, მისი ძე ბექა მანდატურთუხუცესი და მისი შვილები სარგის II და ყუარყუარე (იგივე პირნი, რომელნიც საფარაშიაც არიან დახატულნი). ეკლესიის მოდელი ხელში არც ერთს არა აქვს, რაც გვაფიქრებინებს, რომ ზარზმა მათი აშენებული კი არ არის, არამედ ადგილობრივ ფეოდალთა მიერაა აშენებული. ჯაყელები აქ დახატული არიან როგორც ქვეყნის მფლობელნი, მთავარნი და არა როგორც მშენებელნი. სარგის I-ს შარავანდი აქვს გაკეთებული. ეს მოწმობს, რომ იმ დროს იგი უკვე გარდაცვლილი ან ბერად აღკვეცილი იყო.
შესასვლელის პირდაპირ, ჩრდილოეთის კედელზე, ყურადღებას იპყრობს დიდი სურათი, რომელიც ცალკეულ ფიგურებს კი არ გამოხატავს, არამედ რაღაც მოქმედებას. მეფის სამოსელში გამოწყობილი კაცი სიგელს აწვდის მის წინაშე მოკრძალებით მოხრილ მოხუც სასულიერო პირს; ამ უკანასკნელის უკან განცალკევებით დგას კიდევ ერთი კაცი. წარწერათა თანახმად, მეფურად გამოწყობილი კაცი მეფე ბაგრატია, სასულიერო პარი – მამა სერაპიონი, ხოლო მის უკან მდგომი კაცი ერისთავთ-ერისთავი – გიორგი ჩორჩანელი. არის კიდევ ერთი წარწერა, რომელიც გვაუწყებს, რომ მეფემ “სიგელნი და ენქერი უბოძა მამასა სერაპიონს”. ისტორიულ ცნობათა შეჯერებით ირკვევა, რომ ეს ბაგრატი იმერეთის მეფე ბაგრატ III-ა (1510-1565), რომელმაც მურჯახეთის ომში გამარჯვების შედეგად სამცხე დაიპყრო და თავის სამფლობელოს შეუერთა. სამცხე მის ხელში 1545 წლამდე იყო. სერაპიონი ხურციძეთა გვარის წარმომადგენელია. ხურციძეები XVI საუკუნეში დამკვიდრდნენ ზარზმაში და ფრიად აქტიური მოღვაწეობა გააჩაღეს.
აშკარაა, რომ აქ ხურციძეთა გვარისთვის მნიშვნელოვანი ამბავია გამოხატული. ახალი ხელისუფალი, იმერთა მეფე ბაგრატი, სიგელისა და ენქერის (მღვდელმსახურთა სამოსლის ნაწილია) ბოძებით უდასტურებს ამ გვარის წარმომადგენელს მის უფლებრივ პრივილეგიებს. მაგრამ შორეულ წარსულში, სერაპიონ ზარზმელის დროს მცხოვრები გიორგი ჩორჩანელი რაღად უნდა მოგონებოდათ XVI საუკუნეში? ესეც გასაგებია: ხურციძეებს უნდოდათ ეჩვენებინათ, რომ გიორგი ჩორჩანელი, აქაური მიწა-წყლის მფლობელი, მათი წინაპარი იყო, ხოლო ისინი – მისი შთამომავალნი და კანონიერი მემკვიდრენი.
ამგვარად, ბაგრატისა და სერაპიონის პორტრეტები XVI საუკუნისაა და არა ეკლესიის აგების დროინდელი. ალბათ, ამ ადგილას წინათ სხვა სურათი იყო, მაგრამ ხურციძეებმა წაშალეს იგი თავისი სურათის მოსათავსებლად.
ამ სურათის მარჯვნივ დახატულია ქართლის კათალიკოსი ეფთიმიოსი, რომელიც ხელებაპყრობილი დგას ქრისტეს წინაშე. ისტორიული წყაროები XIII საუკუნის მიწურულსა და XIV საუკუნის დასაწყისში ორ ეფთიმიოს კათალიკოსს იხსენიებს. შესაძლებელია აქ სწორედ ერთ-ერთი მათგანი იყოს გამოხატული.
ჩრდილოეთის კედელზევე, მარცხნივ, კიდევ ოთხი მამაკაცია მწკრივად გამოხატული. ორი მათგანის სახელი წარწერაშია აღნიშნული – ქურციკ და არაბაი. ვინ იყვნენ, ან როდის მოღვაწეობდნენ ისინი, ჩვენთვის უცნობია. ჩრდილო-დასავლეთ გუმბათქვეშა ბურჯის სამხრეთის პირზე კიდევ ერთი ისტორიული პირია დახატული: “ერისთავთ-ერისთავი, მსახურთუხუცესი, სუანთ ერისთავი სუიმიონ გურიელი”. ამ პიროვნების შესახებ ჩვენ სხვა არაფერი ვიცით, მაგრამ გურიელობისა და სვანთ ერისთავობის შეთავსება კი გასაგებია. ვახუშტის თანახმად, ,,გურიელი იტყვის ვარდანისძეობასა”, ხოლო ვარდან სვანთა ერისთავი – ჯერ კიდევ დავით აღმაშენებლის დროს იხსენიება, ბარამ ვარდანისძე კი (აგრეთვე სვანთა ერისთავი) თამარ მეფის დროს. ეს სუიმიონ გურიელი, ჩვენთვის უცნობი პირი, XIV-XVI საუკუნეებში უნდა ვეძიოთ.
ზარზმის მხატვრობის სხვა ნაწილები მთლიანად სასულიერო ხასიათისაა. სამრეკლოს პირველი სართული, თავდაპირველად, ორმხრივ (აღმოსავლეთით და დასავლეთით) ღია იყო. ძველი თაღი, რომელიც შემდეგ ამოაშენეს, დასავლეთის მხარეს ეხლაც კარგად ირჩევა. აღმოსავლეთით, თაღს მიშენებული (რამდენადმე წინ გამოწეული) კედელი ფარავს.
ზარზმის სამრეკლო ერთ-ერთი უძველესთაგანაი და უდიდესთაგანია საქართველოში. ადვილი შესამჩნევია, რომ ტაძარსა და სამრეკლოს ერთიდაიგივე ოსტატები აშენებდნენ. ერთნაირია საშენი მასალა და მისი დამუშავების ხასიათი; მსგავსია, მეორე სართულის ბოძებისა და ტაძრის სარკმელთა ჩუქურთმები.
სამრეკლოს უმთავრესი სამკაულია პირველი სართულის ვარსკვლავისებრი კამარა. ეს დიდი მოჩუქურთმებული “ბორბალი”, რომლის მსგავსი ტაძრის კარიბჭეშიც არის, ახლა ძლივსღა ჩანს. კედლების ამოშენების შემდეგ პირველ სართულში სიბნელეა, დროთა განმავლობაში სანთლებისაგან კამარა ერთიანად შეჭვარტლულა და ჩაშავებულა. მაგრამ, როცა თაღები ღია იყო, მორთულ-მოკაზმული კამარა კარგად ჩანდა და განსაკუთრებით საზეიმო იერს ანიჭებდა ამ სადგომს, რომელიც ეკლესიის გალავანში შესასვლელს წარმოადგენდა.
საკუთრივ სამრეკლო მეორე სართულში იყო. ეს ღია თაღებიანი ფანჩატური შიგნით მოურთავია, მაგრამ მისი გუმბათის ქვის წყობა კარგი ოსტატის ხელს ამჟღავნებს.
ამჟამინდელი სახე სამრეკლომ 1577 წელს მიიღო. ხურციძეებმა, რომლებიც იმ დროს ზარზმის მფლობელები იყვნენ, ამოაშენეს პირველი სართულის ღია თაღები და გალავანში გასასვლელი მცირე ეკლესია სამლოცველოდ აქციეს. დაკვირვებული თვალი ადვილად შენიშნავს, რამდენად დაქვეითებული ყოფილა ხელობა XVI საუკუნის მიწურულში. ერთი შეხედვით სამრეკლოს პირველი სართულის აღმოსავლეთ კედლის მორთულობა (ჩუქურთმიან საპირეში ჩასმული სარკმელი და დიდი ჯვარი საპირის ზემოთ) დიდი ტაძრის აღმოსავლეთის კედლისას გავს. აშკარაა, რომ ოსტატს სწორედ ტაძრის აღმოსავლეთის ფასადი გამოუყენებია ნიმუშად მაგრამ საკმარისია შედარება და დავინახავთ, რომ XIV საუკუნის დასაწყისში ოსტატობა ჯერ კიდევ მტკიცე იყო, ახლა კი, ორი შფოთიანი, მრავალი განსაცდელითა და უბედურებით სავსე საუკუნის შემდეგ, ნამდვილი ხელოვნება დავიწყებულია. ქვისმკვეთი ჩუქურთმის სახეთა გამოყვანისას სრულ უსუსურობას იჩენს, სახეები ტლანქია, კვეთა უხეში, უბრალო წესებიც კი არაა დაცული.
იგივე ითქმის დასავლეთით ჩაშენებული კედლის შესასვლელსა და სარკმლის მორთულობაზეც. თუმცა შესრულების მხრივ ეს მორთულობა მაინც სჯობს აღმოსავლეთის კედლის ჯვრისა და სარკმლისას.
აღმოსავლეთის კედელზე, ჯვრის ზემო კუთხეებში, ხურციძეთა დიდი წარწერაა მოთავსებული. წარწერაში ნათქვამია, რომ “წმინდა ეკლესია”, ე. ი. პირველი სართულის სამლოცველო, “აღეშენა” იოანე მახარებლის სახელზე ფარსმან ხურციძის ბრძანებით, “მღუდელთმთავართმთავრობასა ხურციძისა პატრონის მაწყუერელისა სერაპიონისსა”. ეს ფარსმანი, წარწერის თანახმად “ყოველ ქვეყანასა სახელ განთქმული” და “აგარიანთა პირის დამყოფელი” ყოფილა. “მაწყუერელი” (აწყურელი) აწყურის ეპისკოპოსს ნიშნავს (შესაძლებელია, ეს იგივე სერაპიონ ხურციძე იყოს, რომელიც ტაძარშია დახატული).
ხურციძეების მიერაა გაკეთებული, აგრეთვე, ქვის ტიხარი ტაძრის კარიბჭეში. ეს ტიხარი კარიბჭის მარჯვენა ნაწილს გამოჰყოფს. აქაც სამლოცველო იყო გამართული.
ტიხრის წარწერა იხსენიებს “ამისა აღმაშენებელსა წინამძღუარსა ხურციძესა გაბრიელს…, მისა დედასა, პატრონისა ივანეს ასულსა, გულდამ ყოფილსა გაიანეს” და “მისა მამასა, შოთა ყოფილსა შიოს”. გაბრიელის მშობელთა მიერ თავის სახელთა შეცვლა ნიშნავს, რომ ისინი მონაზვნებად აღკვეცილან.
ამგვარად ხურციძეებმა XVI საუკუნეში: ზარზმის ეკლესიის მხატვრობა ნაწილობრივ ახლით შეცვალეს, სამრეკლოს ღია პირველი სართული ეკლესიად გადააკეთეს და ტაძრის კარიბჭე გადატიხრეს. გარდა ამისა, ისინი სხვადასხვა ჭედურ ნივთებსაც სწირავდნენ ეკლესიას, ზრუნავდნენ მისი მორთვა-მოკაზმვისათვის.
ხურციძეთა მშენებლობა უკანასკნელი თავია ძველი ზარზმის ისტორიაში. XVI საუკუნის ბოლოს, სამცხის სხვა კულტურულ ცენტრებთან ერთად, ზარზმაც დაცარიელდა: “ურწმუნოთა და ბილწთა თათართაგან განირყუნა ზარზმის საყდარი, მონასტერი მოიშალა და მოოხრდა და აიშალა”.
ზარზშის მთელი ქონება – ხატები, ჯვრები, სხვა საეკლესიო ნივთები, უპირველეს ყოვლისა კი, უმთავრესი წმინდათაწმინდა ზარზმისა, ფერისცვალების ხატი – გურიას გადახიზნეს და იქ, სოფელ შემოქმედში, საგანგებოდ აშენებულ ახალ ეკლესიაში დაასვენეს. ამჟამად ზარზმის გადარჩენილი განძი ხელოვნების მუზეუმში ინახება.
XVIII-XIX საუკუნეებში მიტოვებული, მაჰმადიანი მოსახლეობით გარშემორტყმული ზარზმა თანდათან ინგრეოდა და ზიანდებოდა. მხატვრობა ისე გაჭუჭყიანდა, რომ XIX საუკუნის ვერც ერთმა მკვლევარმა ვერ შენიშნა მის კედლებზე ათაბაგთა და სხვა ისტორიულ პირთა პორტრეტები. 1905 წელს მას ჩაუტარდა რესტავრაცია, რის შედეგადაც მხატვრობა და სტილისტური თავისებურება შეილახა.